წარმატებას ვუსურვებ ხარჩილავას — წალენჯიხაში „ოცნების“ მერობის კანდიდატი

წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა თავის ოპონენტს, ენმ-ს წევრ გიორგი ხარჩილავას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციური კანდიდატი იმარჯვებს. სხვა ქალაქებს რაც შეეხება, ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შემდეგ გულორდავამ განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველსა და თავის გუნდს.

„წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს,“ — წერს გულორდავა პირად ფეისბუკგვერდზე.

ნახეთ ასევე:

წალენჯიხაში “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა — “ცესკოს” წინასწარი შედეგები