შესაძლოა, დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა — ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა.

„თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“ — მიიჩევს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის ასობით დამკვირვებლი არჩევნების მეორე ტურს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. 

ISFED-ის ცნობით,კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. ასევე, დღის განმავლობაში დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებიც აღირიცხა. 

აც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

როგორც ორგანზიაცია აცხადებს, არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.  

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნებზე შემდეგი სახის დარღვევები აღრიცხეს:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

ბათილი ბიულეტენები 

ბიულეტენების ჩაყრა

ფიზიკური დაპირისპირება

შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში 

დაულუქავი დოკუმენტაცია

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება სრულად იხილეთ აქ.