TI: დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI], რომელიც აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას, აცხადებს, რომ გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე.

ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით 250-მდე დამკვირვებელი ჰყავდა. მათ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს. დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს.

„ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით,“ – წერს ორგანიზაცია.

TI წერს, რომ არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

მათი თქმით, ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

„პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს. კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას.

გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორად განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა,“ – წერია განცხადებაში.

ამის ფონზე ორგანიზაცია რეკომენდაციის სახით წერს:

ვრცლად TI-ის შეფასება წაიკითხეთ აქ.