ახალი ამბები

ვითხოვთ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას — რადას დეპუტატი

29 ოქტომბერი, 2021 •
ვითხოვთ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას — რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატის, იულია კლიმენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში გადაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, ამ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კლიმენკომ ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კლიმენკო რუსთავის მე-12 საპყრობილეში კიდევ ერთ უკრაინელ დეპუტატთან, ალექსანდრე კოვალჩუკთან ერთად მივიდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, პირველ რიგში, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ნორმალურ მდგომარეობასა და პირობებში. ჩვენ ამის ნახვა შეგვიძლია თავად.

მოვითხოვთ, რომ ის გადასცენ უკრაინას, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე.

აქ ამ საკითხზე არ ვისაუბრებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი. აქ ვიმყოფებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაში არაა. უკრაინაში აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება“, — განუცხადა უკრაინელმა დეპუტატმა რუსთავის ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს ერთ დღეში არ გადაწყდება.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და აღარ აპირებს შიმშილობის შემამსუბუქებელი მკურნალობაში ჩართვას. მისი წერილისააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გააცნო ჟურნალისტებს.

„როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე შემენარჩუნებინა შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“, — წერს სააკაშვილი გავრცელებულ წერილში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ 29-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ფოტოზე: იულია კლიმენკო, „რადიო თავისუფლება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი