“მოგება უსაფრთხოებაზე მაღლა” — რას ვიგებთ “ფეისბუკის დოკუმენტებიდან”

კომპანია “ფეისბუკი” თავის პროდუქტზე კონტროლს კარგავს — წერს გავლენიანი ბრიტანული სააგენტო Associated Press მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის გიგანტის შიდა პრობლემების ამსახველმა დოკუმენტებმა საერთაშორისო მედიაში გაჟონა.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლის მიერ აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი მასალები ნათელს ხდის, რომ რიგ შემთხვევებში “ფეისბუკი” არაეფექტურად ან საერთოდ არ რეაგირებს მის მიერვე გამოწვეულ ზიანზე, ხოლო ზოგჯერ მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა უკვე ძალიან გვიანია.

“ფეისბუკი” უსაფრთხოებაზე მაღლა მოგებას აყენებს  — ასეთია ბრალდება, რომელსაც კომპანიას უყენებენ. რით დასტურდება ეს და რა პასუხი აქვს კომპანიას, რომელიც თავის 17-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალის წინაშე დგას:

როგორ დაიწყო სკანდალი

მომხმარებელთა უსაფრთხოების, ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლისა თუ სხვა მიმართულებებით “ფეისბუკის” პოლიტიკის ეფექტიანობა აქამდეც დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ.

თუმცა უკანასკნელი სკანდალი დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბერში, როცა ამერიკულმა გამოცემამ “Wall Street Journal” საგამოძიებო სტატიები გამოაქვეყნა “ფეისბუკის” შიდა კვლევებსა და თანამშრომელთა მიერ მომზადებული პრეზენტაციების სამუშაო ვერსიებზე დაყრდნობით. დოკუმენტებში აღწერილია ზიანი, რომელსაც კომპანია თავადვე იწვევს.

გარკვეული ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა იმ ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის ვინაობა, რომელმაც გამოცემას კომპანიის შიდა დოკუმენტები მიაწოდა. მხოლოდ 3 ოქტომბერს, სატელევიზიო ეთერში გამოჩენის შემდეგ გაცხადდა, რომ “ფეისბუკის” მამხილებელი მისი ყოფილი თანამშრომელი, 37 წლის ფრენსის ჰაუგენია.

ფრენსის ჰაუგენი სენატის სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის ქვეკომიტეტის წინაშე. 05.10.21 ფოტო: EPA

ჰაუგენი კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლის განმავლობაში საქმიანობდა, თუმცა ამ პერიოდში იმაზე გაცილებით მეტი ნახა, ვიდრე “ფეისბუკის” შესაძლო პრობლემების შესახებ მედიაში გასულ წლებში გავრცელებული ცნობებია.

ფრენსის ჰაუგენი უკვე წარდგა როგორც აშშ-ის სენატის, ისე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე და კანონმდებელთა კითხვებს უპასუხა, ასევე გამოჩნდა ყველა წამყვანი ტელეარხის ეთერში და არაერთგზის დაიკავა ადგილი გავლენიანი პრესის მთავარ გვერდებზე.

რას წარმოადგენს “ფეისბუკის დოკუმენტები”

“ფეისბუკის” მამხილებელმა კომპანიიდან გამოიტანა დოკუმენტების უზარმაზარი რაოდენობა — ათობით ათასი გვერდი — მისმა ადვოკატმა კი ეს მასალა აშშ-ის კონგრესს წარუდგინა.

მალევე, დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვა 17-მა ამერიკულმა მედიასაშუალებამ, რომელთაც მასალები გააანალიზეს და თავიანთი შრომა გააერთიანეს პროექტში, სახელწოდებით “Facebook Papers”(ფეისბუკის დოკუმენტები).

ორგანიზაციებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომზადებული სტატიებისა და რეპორტაჟების გამოქვეყნება შეთანხმებულ დროს, 25 ოქტომბერს დაიწყეს.

ხაზგასასმელია, რომ მათ დოკუმენტების რედაქტირებული ვერსია მიეწოდათ, რომელშიც დაფარულია კომპანიის ზოგიერთი თანამშრომლის პირადი მონაცემები.

კომპანია “ფეისბუკი” აერთიანებს როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუკს”, ისე “ინსტაგრამსა” და “ვოთსაპს”; ფოტო: EPA

სხვა მასალებთან ერთად, დოკუმენტები მოიცავს კომპანიის შიგნით მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებს, რომელთა ავტორებიც რიგ მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობენ.

პროექტის მონაწილე მედიასაშუალებების თანახმად, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა კომპანიის ხელმძღვანელობამ არ შეიმჩნია თანამშრომელთა მიერ ხაზგასმული პრობლემები.

მასალებში წარმოდგენილი საჩივრები მრავალ საკითხს მოიცავს. მათ შორისაა გზები, რომელთა გამოყენებითაც კომპანია აუდიტორიის გაზრდას ცდილობს, დაკვირვებები მის მიერ პოლიტიკური ძალადობის შესაძლო წაქეზებაზე და ინფორმაცია იმ შესაძლო შერჩევით მიდგომებზე, რომელთაც ადმინისტრაცია ავლენს სიძულვილთან ბრძოლისას.

რას ამტკიცებდა ცუკერბერგი და რა ხდება სინამდვილეში

Washington Post-ის ცნობით, სენატში გამართული მოსმენისას ფრენსის ჰაუგენმა მინიმუმ 20-ჯერ მიუთითა “ფეისბუკის” აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის საჯარო განცხადებებზე.

კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ გამომდინარე ცუკერბერგის ფართო ძალაუფლებიდან, სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ სოციალურ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კომპანიის შეუჩერებელი სწრაფვით გაფართოებისაკენ.

გასულ წელს ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესს განუცხადა, რომ მისი კომპანია სიძულვილის ენის შემცველი მასალების 94%-ს შლის. საუბარია იმ მასალებზე, რომელთაც კომპანია იქამდე პოულობს, ვიდრე მას მომხმარებლები გაასაჩივრებენ.

მარკ ცუკერბერგი

WP-ის თანახმად, საპირისპიროზე მიუთითებს შიდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მკვლევრებმა დათვალეს, რომ კომპანია სიძულვილის ენის შემცველი მასალის მთლიანი ოდენობის 5%-ზე ნაკლებს შლიდა.

“ფეისბუკის” სპიკერი უარყოფს, რომ ცუკერბერგი ზიანის გამომწვევ გადაწყვეტილებებს იღებს და ასევე არ ეთანხმება ზემოთ მოცემულ მიგნებებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, “დამყარებულია ცალკეულ, არასწორად შეფასებულ, ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილ დოკუმენტებზე”.

“ფეისბუკში” უარყოფენ, რომ კომპანია მოგებას უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს. იქ ასევე შეეცადნენ ჰაუგენის დისკრედიტაციას და არაერთგზის გაიმეორეს, რომ მას არ ჰქონია უშუალო შეხება პრობლემებთან, რომლებიც გამოააშკარავა.

სიძულვილის ენა, ძალადობა და პრობლემური ალგორითმი: აშშ-ის მაგალითი

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრიდან, ინდოეთში მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობამდე, მასალებში საუბარია არაერთ დრამატულ მოვლენაზე, რომელთაც წინ უძღოდა სიძულვილისა და ცრუ ინფორმაციის კამპანიები “ფეისბუკზე”.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ფეისბუკმა” რიგი ზომები მიიღო ძალადობის წამახალისებელი, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველი მასალის გასაკონტროლებლად.

თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა, მრავალი ასეთი ზომა “ფეისბუკმა” გააუქმა, რითაც, კომპანიის მამხილებლის აზრით, დააყენა ზრდა უსაფრთხოებაზე მაღლა.

Associated Press-ის თანახმად, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვირების განმავლობაში, არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის რადიკალი მხარდამჭერები “ფეისბუკზე” აანონსებდნენ დემოკრატი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესის ხელშეშლას.

საბოლოოდ, ასეც მოხდა, რაც კაპიტოლიუმის ცნობილი შეტაკებებითა და მსხვერპლით დაგვირგვინდა. მაშინ, როცა კომპანია შეეცადა, ხელახლა აემოქმედებინა უსაფრთხოების ზომები, უკვე გვიანი იყო: ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმს უტევდნენ.

“განა არ გვქონდა საკმარისი დრო იმის გასარკვევად, თუ როგორ გვემართა დისკურსი ძალადობის დაშვების გარეშე?  ჩვენ დიდი ხანია, ვაღვივებთ ამ ცეცხლს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ახლა კონტროლიდან გამოვიდა”, — წერდა “ფეისბუკის” ერთ-ერთი თანამშრომელი შიდა ჩატში 6 იანვრის მოვლენების დროს.

ტრამპის მომხრეების შეჭრა კაპიტოლიუმში. 06.01.2021 ფოტო: EPA

“ფეისბუკის” ზოგიერთი თანამშრომელი ხსენებულ პრობლემებზე კაპიტოლიუმის შეტაკებებამდეც საუბრობდა. AP-ის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კომპანიიდან 2020 წელს წავიდა, აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაცია ზღუდავდა ახალ, კვლევებით გამყარებულ, პერსპექტიულ ინსტრუმენტებს დაინტერესებული მხარეების რეაქციის შიშით. ამ უკანასკნელში, გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირეები და ინვესტორები იგულისხმებიან.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც დოკუმენტები ასახავს, “ფეისბუკის” რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი ალგორითმია. საუბარია ფუნქციაზე, როდესაც პლატფორმა მომხმარებელს სხვადასხვა გვერდისა და ჯგუფის მოწონება/გამოწერას სთავაზობს.

როგორც შიდა კვლევით ჩანს, ალგორითმი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ადამიანთა რადიკალიზაციის კუთხით.

გამოჟონილი მასალების მიხედვით, შესაბამისი ექსპერიმენტი კომპანიაში 2019 წელს ჩაატარეს. შექმნეს სატესტო ანგარიში, რომელსაც ყალბი სახელი, კაროლ სმიტი შეარქვეს. გამოგონილი პერსონაჟი 41 წლის ამერიკელი ქალი იყო კონსერვატიული, თუმცა არა ექსტრემისტული იდეებით.

სატესტო ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა კონსერვატიული “ფოქს ნიუსის” გვერდი და ლიბერალური შეხედულებების გასაშარჟებელი ჯგუფები, იყო ქრისტიანი და აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის გულშემატკივარი.

ტრამპის მომხრეების შეჭრა კაპიტოლიუმში. 06.01.2021 ფოტო: EPA

პროფილის შექმნიდან პირველივე დღეებში, “ფეისბუკის” ალგორითმმა გამოგონილ მომხმარებელს ექსტრემისტული, კონსპირაციულ თეორიების შემცველი მასალები შესთავაზა. მათი უმეტესობა დაკავშირებული იყო საზღვარგარეთიდან მართულ ჯგუფებთან ან ადამიანებთან, რომლებიც “ფეისბუკის” წესების დარღვევაში იყვნენ შემჩნეულნი.

თავად “ფეისბუკი” დასძენს, რომ ცდილობს, სწრაფად მოახდინოს რეაგირება სიძულვილის შემცველ და ძალადობრივ მასალებზე, ზემოხსენებულ კვლევას კი მოიხსენიებს ერთ-ერთ მაგალითად კომპანიის სურვილისა, უკეთესი გახადოს პლატფორმა.

მათივე განცხადებით, უსაფრთხოების ამა თუ იმ ზომის ამოქმედება-გაუქმება განპირობებულია შესაბამისი “სიგნალებით” როგორც “ფეისბუკის” პლატფორმიდან, ისე სამართალდამცავი ორგანოებიდან. კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ ამ სიგნალების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.

შესაძლო შერჩევითობა ძალადობასთან ბრძოლისას: ინდოეთის მაგალითი

გასულ კვირებში კომპანიიდან გამოჟონილი დოკუმენტები აჩენს შთაბეჭდილებას, რომ “ფეისბუკი” ინდოეთში სიძულვილის ენისა თუ ძალადობის მაპროვოცირებელ მასალებთან ბრძოლისას, განსაკუთრებით, ანტიმუსლიმური რიტორიკის შეზღუდვის პროცესში, შერჩევითად მოქმედებდა.

ინდოეთი “ფეისბუკისთვის” ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია და დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, პლატფორმას ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის პარტია BJP აქტიურად იყენებდა “ფეისბუკს” 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა კითხვა, ხომ არ იყო “ფეისბუკის” პოლიტიკა სიძულვილის ენის მიმართ შერჩევითი, რათა კომპანიას თავიდან აერიდებინა მოდის თანაგუნდელთა ბრაზი.

Associated Press-ის მიხედვით, ხსენებული არჩევნების პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, რა ინფორმაციას მიიღებდა “ფეისბუკზე” ახლად დარეგისტრირებული მომხმარებელი ინდოეთიდან, თუ მხოლოდ იმ გვერდებსა და ჯგუფებს გამოიწერდა, რომელთაც სარეკომენდაციო ალგორითმი შესთავაზებდა მას.

ნარენდრა მოდი მარკ ცუკერბერგთან ერთად; ფოტო: Bloomberg/Bloomberg via Getty Images 

ამისათვის თანამშრომელმა მიმართა მეთოდს, რომელიც უკვე ვახსენეთ აშშ-ის შემთხვევაში: მან შექმნა სატესტო პროფილი სამი კვირით – იმ პერიოდში, როცა ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ქაშმირის რეგიონში მომხდარ თავდასხმას 40 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და ორ ქვეყანას შორის ომის საფრთხე გაჩნდა.

რა შესთავაზა “ფეისბუკმა” სატესტო მომხმარებელს დაძაბულობის პერიოდში? როგორც კვლევის ავტორი ამბობს, კომპანიაში შოკირებული იყვნენ, როცა ნახეს, რომ პროფილი ძალადობის, დეზინფორმაციისა და ნაციონალისტური მესიჯების ნიაღვარმა წალეკა.

ალგორითმის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ჯგუფები სავსე იყო ყალბი ცნობებით, ანტიპაკისტანური და ისლამოფობიური რიტორიკით, ასევე, მძიმე მასალებით. ერთ-ერთი ასეთი იყო გამოსახულება, რომელშიც ჩანდა კაცი, რომელსაც პაკისტანის დროშაში გახვეული მეორე კაცის სისხლიანი თავი ეჭირა ხელში, თავის ადგილას კი ამ უკანასკნელს ინდოეთის დროშა ჰქონდა ჩარჭობილი.

“საცდელი მომხმარებლის კედლის (News Feed) შემხედვარე, გასულ 3 კვირაში იმდენი გარდაცვლილი ადამიანის ფოტო ვნახე, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ არ მინახავს”, — ამბობდა “ფეისბუკის” თანამშრომელი.

ექსპერიმენტმა კომპანიაში გააჩინა კითხვები, რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა მასალებმა ვირტუალური სივრცის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში; მასალებისა, რომელთა გავრცელებაშიც თავად “ფეისბუკის” ალგორითმი მონაწილეობს.

მიმდინარე დღეებში კომპანიაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნულმა კვლევამ უფრო ღრმა ანალიზს დაუდო სათავე და წვლილი შეიტანა “ფეისბუკის” მიერ შექმნილი პროდუქტის გაუმჯობესებაში.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ალგორითმი არ არის. ინდოეთის შემთხვევაში ცალსახად იკვეთება, როგორ იყენებენ პლატფორმას რადიკალი ინდუსი ნაციონალისტები უმცირესობების, კერძოდ, მუსლიმი თემის წინააღმდეგ, “ფეისბუკი” კი, არაერთ შემთხვევაში, დროულად არ რეაგირებს.

ასე მოხდა, მაგალითად, 2020 წელს, როცა პოლიტიკოსმა ნარენდრა მოდის პარტიიდან სოც. ქსელში ვიდეო გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა, დედაქალაქ ნიუ-დელის ერთ-ერთი ქუჩიდან თავად გაეძევებინათ მუსლიმი დემონსტრანტები, თუ ამას პოლიცია არ იზამდა.

მაშინ მომხდარ სისხლიან შეტაკებას 53 ადამიანი შეეწირა — დიდწილად, მუსლიმები. “ფეისბუკმა” პოლიტიკოსის ვიდეო მხოლოდ მას შემდეგ წაშალა, რაც მან ათასობით ნახვა და გაზიარება დააგროვა.

ინდოეთის მუსლიმი თემის წინააღმდეგ ონლაინ სივრცეში სიძულვილი პანდემიის კრიზისის დროსაც გაღვივდა, როცა მასობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილობრივი მუსლიმები ავრცელებდნენ კორონავირუსს.

ინდუსებისა და მუსლიმების ერთ-ერთი შეტაკება ნიუ-დელიში. 26.02.2020; ფოტო: EPA

კამპანიამ გამოიწვია ძალადობრივი პროცესები, ბიზნესების ბოიკოტი და სიძულვილის ენის გაღვივება მუსლიმთა წინააღმდეგ. შესაბამისი ჰეშთეგი, რომლის ქვეშაც დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, ფეისბუკმა მხოლოდ დღეების შემდეგ წაშალა.

მოქმედებს თუ არა “ფეისბუკი” შერჩევითად მსგავს სიტუაციებში? დოკუმენტების მიხედვით, კითხვა გაჩნდა გასულ წელსაც, როცა კომპანიაში მიმდინარეობდა დისკუსია, გამოეცხადებინათ თუ არა ნარენდრა მოდის პარტიის წევრი დეპუტატი — ანტიმუსლიმური პოსტების მთელი სერიის შემდეგ — “საშიშ პერსონად”, რაც პლატფორმაზე მის დაბლოკვას გამოიწვევდა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას. მოწინააღმდეგეთა შორის იყო “ფეისბუკის” სამხრეთ აზიის ოფისის წარმომადგენელი, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკოსების საშიშ პერსონებად გამოცხადება დააზიანებდა კომპანიის პერსპექტივებს ინდოეთში.

მეტიც, ის თავად აზიარებდა პოსტებს, რომლებიც მრავალი ადამიანის აზრით, ისლამოფობიური იყო.

თვეების შემდეგ, ხსენებულმა თანამშრომელმა “ფეისბუკი” დატოვა. პლატფორმიდან წაშალეს ნაციონალისტი პოლიტიკოსიც. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, არაერთ თანამშრომელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ “ფეისბუკი” შერჩევითაც მოქმედებს, რათა თავიდან აირიდოს ინდოეთის მთავრობის უარყოფითი რეაქცია.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

“ფეისბუკმა”, სულ მცირე, 2018 წლიდან იცოდა, რომ მის პლატფორმებს ადამიანებით მოვაჭრეები იყენებდნენ, თუმცა უჭირდა ასეთი შინაარსის მასალების გავრცელების აღმოფხვრა. ეს დეტალიც გაჟონილი დოკუმენტაციიდან ირკვევა.

CNN ციტირებს 2019 წლის სექტემბერში კომპანიის შიგნით მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შიდა გამოძიების შემდეგ მომზადდა. მასში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგში ჩართული პირები — ე.წ. სააგენტოების წარმომადგენლები — იყენებდნენ როგორც “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამს”, ისე “მესენჯერსა” და “ვოთსაფს”.

ზოგიერთ დოკუმენტი აჩვენებს, რომ კომპანიის მკვლევრებმა წაშალეს ინსტაგრამის ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა შეთავაზებებს შინამოსამსახურეების გაყიდვის შესახებ.

ტრეფიკინგის ინსტალაცია. ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამართული ღონისძიება თბილისში. 30.07.18; ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მიუხედავად ამისა, CNN-მა გასულ კვირას ნახა არაერთი ინსტაგრამ პროფილი, რომლებიც კვლავაც აქტიურია და კვლავაც არეკლამებენ მოსამსახურეების გაყიდვის პრაქტიკას.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ “ფეისბუკს” ხსენებული მიგნების შესახებ აცნობა, კომპანიაში დაადასტურეს, რომ ანგარიშები მართლაც არღვევენ წესებს. ამჟამად პროფილები წაშლილია.

“უპირობოდ ვკრძალავთ ადამიანებით ვაჭრობას. მრავალი წელია, ვებრძვით [მას] ჩვენს პლატფორმებზე და ჩვენი მიზანია, სივრცე არ დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ივაჭრონ სხვებით”, — ამბობენ კომპანიაში.

აშშ-ისა და ევროპის მიღმა

დოკუმენტების თანახმად, სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით “ფეისბუკი” გაცილებით რთულ მდგომარეობაშია განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე, მაგალითად, აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში.

მასალებიდან ცხადი ხდება, რომ კომპანიამ თავად შეისწავლა საკითხი და კარგად იცის, რომ განსაკუთრებით არაინგლისურენოვან ქვეყნებში პლატფორმა დიდწილად დაუცველია ავტორიტარული რეჟიმებისა და არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების აქტივობებისგან.

ერთ-ერთი შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2020 წელს მომზადდა, იმ ზომების 84%, რომელთაც “ფეისბუკი” დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის იყენებს, მოდის აშშ-ზე, 16% კი, “დანარჩენ მსოფლიოზე” — ინდოეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე და ა.შ.

“აღმოფხვერი ფეიკბუკი” — აქცია ბრიუსელში, რომლითაც ცუკერბერგს “ფეისბუკზე” ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეჩერება მოსთხოვეს. 22.05.18; ფოტო: EPA

გაჟონილი ფაილების მიხედვით, “ფეისბუკს” ინდოეთი “რისკის ქვეყნად” ჰყავს მონიშნული, ჰინდი და ბენგალური კი — პრიორიტეტულ ენებად. მიუხედავად ამისა, კომპანიას არ ჰყავდა ხსენებულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა, რაც ხელს უშლიდა დეზინფორმაციასთან და სიძულვილთან ბრძოლას ინდოეთში.

თავად კომპანია ამბობს, რომ დიდ ინვესტიციას დებს სიძულვილის ენის გამოსავლენ ტექნოლოგიებში სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ჰინდისა და ბენგალურზე, რამაც “ადამიანებისათვის ხილული სიძულვილის ენის მასშტაბი ნახევრამდე შეამცირა” 2021 წელს.

სკეპტიციზმი და უკმაყოფილება ახალგაზრდებს შორის

ფეისბუკი ამბობს, რომ 3 თვის განმავლობაში — ივლისიდან სექტემბრამდე — მისმა შემოსავალმა $29 მილიარდი შეადგინა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგზე.

კომპანიამ დააფიქსირა თითქმის $9.2- მილიარდიანი მოგება, რაც გასული წლის მონაცემს 17%-ით აღემატება. გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც კომპანიის აპლიკაციებს იყენებენ.

მეორე მხრივ, ფრენსის ჰაუგენის მიერ გამოტანილი დოკუმენტებიდან ცხადი ხდება პრობლემები, რომელთა შორისაა უმოძრაობა “ფეისბუკის” აუდიტორიის ზრდის კუთხით აშშ-სა და ევროპაში.

კიდევ ერთი მწვავე პრობლემა უკავშირდება მოზარდებსა და ახალგაზრდებს — კომპანიის აუდიტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს — რომელთა შორისაც “ფეისბუკის” პოპულარობა იკლებს.

Associated Press-ის მიხედვით, 2020 წლით დათარიღებული დოკუმენტით ცხადი ხდება, რომ “ფეისბუკს” გაცილებით აქტიურად იყენებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვიდრე ახალგაზრდები, რომელთაც აღნიშნული პლატფორმა მიაჩნიათ “მოძველებულ, მოსაწყენ, შეცდომაში შემყვან” ქსელად “არარელევანტური შინაარსით”.

“ფეისბუკის” ევროპის წარმომადგენლობის სათავო ოფისი დუბლინში. ფოტო: EPA

Wall Street Journal-ის მიერ გასაჯაროებული კვლევით, რომელიც “ფეისბუკის” შიგნით ჩატარდა, კომპანიის პლატფორმები ამძიმებს სხეულის ვიზუალთან დაკავშირებულ პრობლემებს 3-დან 1 გოგოსთვის. მოზარდი გოგოების 13.5% კი ამბობს, რომ “ინსტაგრამი” თვითმკვლელობასთან და თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ ფიქრებს აუარესებს.

“ინსტაგრამის” წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ შიდა კვლევებს მხარ უჭერენ, თუმცა გასაჯაროებული მონაცემები დასკვნების შეზღუდულ ოდენობაზეა ფოკუსირებული და “ნეგატიურ შუქზე აქცევს მათ”.

ასეთივე პოზიცია აქვს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს. მისი თქმით, “კეთილსინდისიერი კრიტიკა” ეხმარება კომპანიას, შეიცვალოს უკეთესობისკენ.

“თუმცა ჩემი ხედვაა, რომ ვხედავთ კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა შერჩევით იქნას გამოყენებული გამოჟონილი დოკუმენტები ჩვენი კომპანიისთვის ნეგატიური იმიჯის შესაქმნელად”, — დასძენს ის და ამატებს:

“რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ღია კულტურა, რომელიც ხელს უწყობს დისკუსიასა და კვლევას ჩვენს მუშაობასთან დაკავშირებით. [ეს იმისთვის], რომ მივაღწიოთ პროგრესს იმ კომპლექსურ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული”.