EU მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდნეტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა.

Happy to meet Moldovan PM @natgavrilita to reiterate our full support to Moldova.

Tomorrow’s 🇪🇺🇲🇩 Association Council will further strengthen our cooperation.

In this context, @EU_Commission is making available €60 million to help 🇲🇩 manage the current energy crisis. pic.twitter.com/2NkWX0efUu

— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 27, 2021

მოლდოვამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გაზის მთავარ მომწოდებელ „გაზპრომთან“ დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ხოლო ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო გაჩნდა რისკი, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის მომარაგების გარეშე დარჩებოდა.

Financial Times-ის თანახმად, „გაზპრომმა“ მოლდოვას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეცვლა და ენერგოსექტორში დაგეგმილი რეფორმების გადავადება იაფი გაზის სანაცვლოდ შესთავაზა, რასაც კიშინოვი არ დაეთანხმა.

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, გასულ კვირას „მოლდოვაგაზმა“, რომლის მთავარი მეწილეც „გაზპრომია“, აბონენტებისათვის ენერგიის მიწოდება შეამცირა. პარალელურად, „გაზპრომმა“ მოლდოვას 709 მლნ აშშ დოლარის დავალიანების გადახდაც მოსთხოვა, რასაც ოფიციალური კიშინოვი არ ეთანხმება.

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონეთისგან მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მიღების შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდა, რის გამოც ქვეყანაში ენერგოკრიზისი დაიწყო.

რეგიონის მკვლევართა ნაწილის განცხადებით, მოსკოვი კიშინოვზე ზეწოლის გაზრდას მას შემდეგ ცდილობს, რაც არჩევნებში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პარტია დამარცხდა, მთავრობა კი ჩამოაყალიბა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“, რომლის გაცხადებული საგარეო პოლიტიკა ევროკავშირში ინტეგრაციაა.