სამართალი

ასეთი მშიშარაა ხელისუფლება? — საქართველოში ყაზახი ბიზნესმენიც არ შემოუშვეს, შსს დუმს

28 ოქტომბერი, 2021 • 1325
ასეთი მშიშარაა ხელისუფლება? — საქართველოში ყაზახი ბიზნესმენიც არ შემოუშვეს, შსს დუმს

საქართველოში არ შემოუშვეს ყაზახი ბიზნესმენი მარგულან სეისემბაი, რომელიც ქვეყანაში უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოდიოდა.

ამის შესახებ სეისემბაიმ “ტელეგრამში” დაწერა.

“საქართველოს ხელისუფლებამ საშიშ ელემენტად ჩამთვალა და ქვეყანაში არ შემიშვეს. ეტყობა, შეეშინდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს დავუჭერდი მხარს. სამწუხაროა ეს ყველაფერი. ასეთი მშიშარაა ხელისუფლება? როგორც ჩანს, აქვთ მიზეზი — გრძნობენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არაა”, — წერს იგი.

ამასთან, საუბრობს 2-საათიან შეყოვნებაზე საზღვარზე და უხეშ მოპყრობაზე.

“მთელი დრო იტყუებოდნენ. ხან ვითომ სისტემა გაიჭედა, ხან კოვიდ ფორმებს ამოწმებდნენ… თავიდან ჩემს ოჯახსაც არ უშვებდნენ, მერე ცოლი და შვილი შეუშვეს. შემდეგ მოტყუებით, ისე, რომ არაფერი ამიხსნეს, წამიყვანეს და ჩამსვეს თვითმფრინავში. ჩემს მოთხოვნაზე, რომ პასპორტი დაებრუნებინათ, მითხრეს, რომ საბარგულში ჩადეს. ვკითხე, რომელში, 5 ჩემოდანი გვაქვს. ისევ მოიტყუეს, რომ ხუთივე ჩადეს თვითმფრინავში. შემდეგ ვკითხე: როგორ, მერე ჩემი ოჯახი? იმ 5 ჩემოდნიდან მხოლოდ ერთი არის ჩემი. მითხრეს, რომ ჩემი ჩემოდანი ჩადეს. რომელი ფერია ჩემი ჩემოდანი, ვერ მიპასუხეს. თითქოს მარტივი საქმეა დეპორტაცია. მაგრამ ამდენი ტყუილი, ფარისევლობა. ამ პატარა ეპიზოდით ნათელი გახდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არსი… სამწუხაროა. კარგი ქვეყანა, კარგი ხალხი. ქვეყანამ წრე დაარტყა და დაბრუნდა იქ, სადაც იყო”, — წერს იგი.

გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და ჟურნალისტი ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც, ასევე, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ. გორდონი, რომელმაც სააკაშვილის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, აღნიშნულს უკავშირებს მის სურვისლ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში შეხვედროდა.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარების და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მეორე დღეა არ აკეთებენ კომენტარს, რატომ არ უშვებენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პირებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს თუ უფლებადამცველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი