სამართალი

იმედი მაქვს, სააკაშვილს სამართლიანი პროცესი ჩაუტარდება – რასმუსენი

28 ოქტომბერი, 2021 • 908
იმედი მაქვს, სააკაშვილს სამართლიანი პროცესი ჩაუტარდება – რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს;.ის ასევე გამოთქვამს იმედს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.

ამერიკის ხმასთან“ საუბარში რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა „იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს“.

„ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენის თქმითვე, არსებული სიტუაცია საქართველოს ნატოსთან, სავარაუდოდ, აშორებს.

„მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლიათ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს“, – განაცხადა მან.

რასმუსენი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და ეს უარყოფითად შეაფასა, თუმცა განაცხადა:

„თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან, რადგან არ ვიცი, რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და, ამასთან, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი