TI-საქართველო: 2022 წელს კოვიდპაციენტების მკურნალობის თანხის განახევრება არარეალურია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასება და რეკომენდაციები წარმოადგინა. გასათვალისწინებელია, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

ძირითადი მიგნებები

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით, ხოლო 2022 წელს 6%-ით გაიზრდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებით, ვინაიდან იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 9.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, პირველ რიგში, პანდემიის შეჩერებაზე ან ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ვაქცინაციის ტემპის ზრდით მიიღწევა.

“სხვა შემთხვევაში, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას დააბრკოლებს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებაში.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) ნაკლებია. კლებას განაპირობებს ვალის დაფარვის მაჩვენებლის შემცირება.

“სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გამო, მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს შეღავათიანი სესხი ვერ მიიღო. მთავრობას შეეძლო ეს თანხა დეპოზიტებზე განეთავსებინა და 2022 წელს გამოეყენებინა. შედეგად, წელს ნაკლებ მაღალპროცენტიან ვალს აიღებდა. მაგალითად, ბოლო თვეებში აღებული საშინაო ვალის წლიური განაკვეთი 9%-ზე მაღალია”, — აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” და დასძენს, რომ მიუხედავად მთავრობის ვალის მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებლის 60%-დან 52%-მდე კლებისა, ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის ვალის ტვირთის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო.

ბიუჯეტის ხარჯები 84 მლნ ლარით მცირდება და 13.8 მლრდ ლარს შეადგენს. კლება ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების შემცირებითაა გამოწვეული. ეს განსაკუთრებით ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2022 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული.

“მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მცირდება, თუმცა, ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს „კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე გამოყოფილი თანხის განახევრება არარეალური ჩანს. მაღალია ალბათობა, რომ რეალურად ამ მიმართულებით ასობით მილიონი ლარით მეტი იქნება საჭირო. ფისკალური რისკების შესამცირებლად ეს გარემოება ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს.

ასევე, ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. შესაბამისად, ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდო უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტშია”, — აცხადებს “TI-საქართველო”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მიმოიხილავს უწყებებს და პროგრამებს, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება. კერძოდ:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” ხაზს უსვამს, რომ გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ტექსტს არ წარმოადგენს.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონის ნაწილად გახდომაა, რაც “TI-საქართველოს” შეფასებით, გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.