ახალი ამბები

“გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ზომა სააკაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვისთვის” – ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას და არასამავრობოებს

25 ოქტომბერი, 2021 • 1368
“გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ზომა სააკაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვისთვის” – ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას და არასამავრობოებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებს მიმართავს თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წაიკითხა “მთავარი არხის” ეთერში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში უკვე 25 დღეა შიმშილობს. განცხადების თანახმად, მისი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს ისე, რომ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო, კონსილიუმის დასკვნის თანახმად კი მას სამედიცინო დახმარება “მაღალი კლასის კლინიკაში” უნდა გაეწიოს, “როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს”.

“მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე, უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.

იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. საქართველოს ხელისუფლების სახელით, დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები: პრემიერ-მინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს: გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელს არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ენმ-ის შეფასებით, სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში არგადაყვანა ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სასიკვდილოდ გამეტების ტოლფასია. პარტია ასევე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ დაუშვან სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.

“მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და კიდევ ერთი ნაბიჯია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, – განმარტებულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი