ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე„ ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
„2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა, პრაქტიკულად ყველა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.
ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძის განცხადებით, ეს იქნება შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.
„რამდენი კაციც ჰყავდათ აქციაზე [ნაციონალურ მოძრაობას], იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში.
ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის ჩვენება. ქართველმა ხალხმა უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე და მას სურს ბოროტების დამარცხება, თავისუფლება და მშვიდობა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.