ახალი ამბები

გავეცი ბრძანება, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს დასავლეთის 10 ქვეყნის ელჩი — ერდოღანი

23 ოქტომბერი, 2021 • 4613
გავეცი ბრძანება, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს დასავლეთის 10 ქვეყნის ელჩი — ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყნის საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის 10 სახელმწიფოს ელჩები “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადოს. საუბარია დიპლომატებზე, რომელთაც ანკარას პატიმრობაში მყოფი თურქი ბიზნესმენის, ოსმან ქავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

“ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი საჭირო ბრძანება და ვუთხარი, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად. თქვენ დაუყოვნებლივ მოაგვარებთ ამას”, – ციტირებს სააგენტო “როიტერი” ერდოღანის სიტყვას, რომლითაც მან მხარდამჭერებს მიმართა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ესქიშეჰირში.

ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, როდის აღსრულდება მისი ბრძანება და ნიშნავს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ ხსენებული 10 ქვეყნის ელჩებმა თურქეთი უნდა დატოვონ.

პერსონა ნონ გრატად, ანუ არასასურველ პირად  გამოცხადება არის ტერმინი, რომელიც დიპლომატიაში გამოიყენება. ის პირველ ნაბიჯად მიიჩნევა ქვეყნიდან დიპლომატის გაძევების მიმართულებით.

თურქი ბიზნესმენი ოსმან ქავალა ერდოღანის ხელისუფლების პირობებში, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება თურქეთში 2013 წლის მასობრივი ანტისამთავრობო აქციების დაფინანსება და 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა. ბიზნესმენი ბრალდებებს უარყოფს.

გასულ წელს ქავალა საპროტესტო აქციების დაფინანსების ბრალდების ნაწილში გაამართლეს, თუმცა გადაწყვეტილება მიმდინარე წელს გაუქმდა და ხსენებული ბრალდება გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმესთან გაერთიანდა. უფლებამდაცველი ორგანიზაციები ბიზნესმენის საქმეს თურქეთში დისიდენტების შევიწროების კონტექსტში განიხილავენ.

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და აშშ-ის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც მოიცავდა მოწოდებას ქავალას საქმის სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტის, ასევე მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ.

სანამ ერდოღანი ზემოხსენებული ბრძანების შესახებ ისაუბრებდა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და დიპლომატები დაიბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი