ახალი ამბებიეკონომიკა

ვფიქრობ, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია – პრემიერის მრჩეველი

22 ოქტომბერი, 2021 • 5346
ვფიქრობ, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია – პრემიერის მრჩეველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია. ამის შესახებ ჰუდაკმა Forbes Talks-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ამის მიზეზი საქართველოში ამ ტიპის პროექტების მიმართ არსებული წინააღმდეგობებია, ალტერნატივად კი ჰუდაკი მზის და ქარის ენერგიების ფართომასშტაბიან ათვისებას ხედავს:

“ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში – განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, – განაცხადა ჰუდაკმა [Forbes Talks-ის თარგმანი].

ღარიბაშვილის მრჩეველი ფიქრობს, რომ საქართველოში მზის და ქარის ენერგიების ათვისების შემთხვევაში გაიზრდება ბატარეებზე მოთხოვნა, რასაც საქართველოში ბატარეების ადგილობრივი წარმოება მოჰყვება. ეს კი სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე მთელ რეგიონს.

კერძოდ, ჰუდაკი განმარტავს, რომ ინვესტორს, რომელიც საქართველოში მზის და ქარის ენერგიის ათვისებით დაინტერესდება, სისტემის აგების ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას შეინახავს იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ ენერგიებზე ნაკლები წვდომა იქნება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის იქნება საჭირო შემნახველი ბატარეების სისტემის არსებობა, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდის.

ჰუდაკის თქმით, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთანაც განიხილა.

“დღეს ბატარეების წარმოება გლობალური ეკონომიკის ახალი სეგმენტია და, ვფიქრობ, საქართველომ სწორედ ასეთი ახალი სეგმენტების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს და ამ სეგმენტებში თავის უნიკალურ ნიშას მიაგნოს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ამდენად, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც ბატარეების ჰაბზე. ამავე თემაზე ვესაუბრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსაც, რომელიც ჩემი თანამემამულეა, რომ ერთგვარი აკადემია შევქმნათ, უნარები განვავითაროთ, ხოლო როცა ამ ინდუსტრიაში უნარებს დავაგროვებთ, შეგვიძლია უკვე ბატარეების გადამუშავებაზეც ვიფიქროთ. ცირკულარული ეკონომიკის ელემენტი შემოვიტანოთ, რაც სრულ ხაზს გულისხმობს – წარმოება, უნარები და ა.შ.”, – განაცხადა ჰუდაკმა.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ვაზილ ჰუდაკი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველია. ღარიბაშვილმა ის 2021 წლის მაისში წარადგინა. 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი იყო, მოგვიანებით კი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა.

ღარიბაშვილმა ჰუდაკის წარდგენისას თქვა, რომ საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტობისას ის ხშირად სტუმრობდა საქართველოს.

“ის ასევე კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. მან უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. ის აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორტეტულ საინვესტიციო პროექტებზე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა ჰუდაკის წარდგენისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი