ახალი ამბები

სააკაშვილის ციხის ფანჯრიდან გამოჩენის შემდეგ გენინსპექციამ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

22 ოქტომბერი, 2021 • 1777
სააკაშვილის ციხის ფანჯრიდან გამოჩენის შემდეგ გენინსპექციამ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 ციხიდან მოქალაქეებს ხელი დაუქნია, გენერალურმა ინსპექციამ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

უწყების თქმით, საქმე ეხება ფანჯრის ჩატეხის ფაქტს.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. გვარამიას თქმით, მოკვლევა უკავშირდება საკითხს, თუ როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი ფანჯარასთან.

საქმე ეხება 21 ოქტომბრის შემთხვევას, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილმა ციხის ერთ-ერთი ფანჯრიდან იქვე შეკრებილ მხარდამჭერებს რამდენიმე წამით ხელი დაუქნია.

შესწორება/განახლება: თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ დაიწყო არა მოკვლევა, არამედ წინასაგამოძიებო მოქმედებები ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე.

„წინასაგამოძიებო მოქმედებების დაწყების საფუძველი 2021 წლის 21 ოქტომბრის შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა.

აღნიშნული წარმოების ფარგლებში გამომძიებელი დაუკავშირდა მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს დამცველ ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს, რომელთან შეთანხმებით, 2021 წლის 22 ოქტომბერს დაიგეგმა მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება,” – ამბობენ უწყებაში.

ნახეთ ასევე:

საშხაპეში გაყვანის შემდეგ, წესის დარღვევით მიმართა მხარდამჭერებს – პენიტენციური სააკაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი