ახალი ამბები

პოლიციელის გინების საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნეს

22 ოქტომბერი, 2021 • 1555
პოლიციელის გინების საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის გინების საქმეზე „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

სასამართლომ განაცხადა, რომ თაბაგარის მიერ პოლიციელის უცენზუროდ მოხსენიება არ იყო კრიტიკა, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა და არღვევდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს. თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა კონტექსტი და ის, რომ თაბაგარისთვის ეს იყო პირველი მსგავსი საქმე იყო, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა აკმარა.

ბრალდების მხარემ დამატებით არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც თაბაგარმა პოლიციელ გიორგი მაჭარაშვილის შეურაცხყოფა მიაყენა,  ეს საქციელი არ მოუნანებია და იგივე დამოკიდებულება შემდგომ აღნიშნა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ არაერთ განცხადებაში.

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს, ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისს, ჟურნალისტთა და სამოქალაქო აქტივისტთა დარბევის დროს, პოლიციას სათანადოდ არავინ დაიცვა. ამასთანავე, მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც არსებობდა თაბაგარისა და „პრაიდის“ სხვა თანამშრომლების სიცოცხლის რისკი – მიიწვია დარბეული ოფისის გასაღებად. უსაფრთხოების გარანტიები კი არ მისცა.

სასამართლო პროცესის შემდეგ GDI-მ [„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“], რომელიც იცავდა თაბაგარის ინტერესებს, განცხადება გაავრცელა, სადაც უფრო ვრცლად ისაუბრა მის პოზიციაზე, კერძოდ:

„ხაზგასასმელია, რომ გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის ამერიკული სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის შესაბამისადაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

მსგავს სტანდარტს ამკვიდრებს გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონიც, რომლის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაარსის რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფის შემთხვევაში. აღნიშნული მუხლით გამორიცხულია შესაძლებლობა, რომ ადამიანს რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს სატელეფონო საუბრის დროს წარმოთქმული სიტყვების გამო, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ეს სიტყვები. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელშიც გიორგი თაბაგარმა გამოიყენა სალანძღავი სიტყვები პოლიციის მიმართ. გიორგი თაბაგარის გამოხატვა იყო სრულიად ბუნებრივი რეაქცია მთლიანი საპოლიციო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ის და მისი მეგობრები, ისევე როგორც მათი ოფისი, არ დაიცვა მოძალადე ჯგუფისგან და ფაქტობრივად გაწირა დასარბევად“, – წერია განცხადებაში.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რადგან მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციელთა ქმედება იმსახურებდა „ნებისმიერ კრიტიკას“ და თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა პრინციპული მნიშვნელობისაა.

ეს საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა.

საქმე ეხება 5 ივლისის მოვლენებს. როგორც თავად თაბაგარი აღწერს, მას შემდეგ, რაც „თბილისი პრაიდის“ ოფისი ჰომოფობიური და ძალადობრივი განწყობების ჯგუფებმა დაარბიეს, მას პოლიციამ დაურეკა.

ის იხსენებს, რომ პოლიციამ სთხოვა დარბეული ოფისის კარის გაღება, რათა ზარალი დაეთვალათ. ის ამბობს, რომ ემოციურ ფონზე პოლიცია უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ამ ამბავზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ეს მუხლი ითვალისწინებს ან ფულად ჯარიმას, ან რამდენიმედღიან პატიმრობას. შსს ამ საქმეზე თაბაგარისთვის 15-დღიან პატიმრობას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი