ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ქვეყანას „დაამშვიდებენ, ამის შემდეგ კი მოსახლეობაზე ზრუნვას დაიწყებენ. ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს, ხობში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ახლა აქვთ რეალური შანსი, რომ ქვეყანას „საბოლოოდ მიხედონ“.

“მინდა ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარებისთვის და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას[…]

მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ გვაქვს რეალური შანსი ახლა, რომ საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდხანს, იმიტომ, რომ მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.