ახალი ამბები

პროკურატურამ ცომაიას ბრალი დაუმძიმა და სააკაშვილის მარშრუტი გამოაქვეყნა

20 ოქტომბერი, 2021 • 4697
პროკურატურამ ცომაიას ბრალი დაუმძიმა და სააკაშვილის მარშრუტი გამოაქვეყნა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის საქმის გამოძიების ფარგლებში ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა.

უწყების განცხადებით, მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლთან ერთად, ცომაიას ბრალდება წარედგინა საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვისაც. ამასთან, პროკურატურა აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

“საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ელგუჯა ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გიორგი ნარიმანიძე, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

სააკაშვილის საქმეზე ასევე დაკავებულები არიან შალვა და ზურაბ წოწორიები, მათ გამოძიება ედავება მძიმე დანაშაულის დაფარვას.

როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში გამოძიების ვერსიით

პროკურატურის განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“.

უწყების განცხადებით, აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით:

“აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ცომაიამ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა, სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

პროკურატურის ვერსიით, ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ  შალვა და ზურაბ წოწორიები მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით.

აღნიშნულის შემდეგ, 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ცომაიამ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე:

“03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, წოწორიები და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში” ,- აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, 29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს, გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. ნარიმანიძემ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა.

პარალელურად, გამოძიების ვერსიით, ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში:

“29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გიორგი ნარიმანიძე, და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით.

ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნულის შემდეგ, უწყების განცხადებით, სააკაშვილი და ცომაია დაბინავდნენ ცომაიას საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გიორგი ნარიმანიძემ გზა გააგრძელა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე.

სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. უწყების განცხადებით,  საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი