ახალი ამბები |

შსს-ს თქმით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გახსნილია

19 ოქტომბერი, 2021 | | 24240
შსს-ს თქმით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გახსნილია

თბილისში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები არიან 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ.

შსს-ს თქმით, გამოძიების ვერსიით, ბ.ლ- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა:

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ-ს მეგობრის, ლ.რ-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან, კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო:

„ბ.ხ-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.
პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე ლ.რ-მ.

პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი