ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ მერიის სარეზერვო ფონდის 1.8 მილიონით გაზრდას მხარი დაუჭირა

19 ოქტომბერი, 2021 • 1005
თბილისის საკრებულომ მერიის სარეზერვო ფონდის 1.8 მილიონით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სარეზერვო ფონდის 1.8 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული თხოვნით მერიამ საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნილი თანხის ნაწილი (500 ათასი ლარი) ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება, დარჩენილი 1.3 მილიონი კი თბილისში სტიქიების შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.

მერიის აღნიშნულ მოთხოვნას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ კახა კალაძე აღნიშნული ფინანსების წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებას გეგმავს.

ენმ-ის წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ამჟამად სარეზერვო ფონდი ისედაც „უპრეცედენტოდ მაღალია“:

„2015-ში დიდი ტრაგედია რომ მოხდა [13 ივნისი] ვერეს ხეობაში, მაშინაც კი 4 მილიონს არ ასცდენია სარეზერვო ფონდი და ახლა, საარჩევნო წელს, ასე გაზარდა [მერიამ] და პლუს კიდევ 1.8 მილიონს ითხოვს.

წესით, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის და გადაუდებელი ხარჯებისთვის უნდა დაიხარჯოს ამ ფონდიდან თანხები. სხვა შემთხვევაში სარეზერვო ფონდის გამოყენება არ შეიძლება. თუმცა მაისში, ივნისში, ივლისში, 2 აგვისტოს ჩათვლით, როცა არჩევნები უკვე გამოცხადებული იყო, ამ მოკლე პერიოდში, 4 მილიონამდე აქვს დახარჯული სარეზერვო ფონდს.

დახარჯული აქვს [ბიუჯეტის ასიგნებების] 0104 კოდიდან, რაც გულისხმობს ბიზნესის სტიმულირებას. ამ თვეებში 4 მილიონი ლარი გასცა კონკრეტულ ბიზნესებზე და კონკრეტულ ადამიანებზე. პანდემია რომ იყო, 2021 წლის იანვარში, არ ვიცოდით [როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდა]? წინასაარჩევნოდ გახდა კალაძისთვის ცნობილი, რომ პანდემია იყო და ბიზნესს სტიმულირება სჭირდებოდა“, – აცხადებს ლიპარტელიანი “ნეტგაზეთთან”.

საარჩევნო ფონდიდან თანხების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებას, მერიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ საარჩევნო პერიოდში სარეზერვო ფონდი დახურულია და თანხები საერთოდ არ გაიცემა.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 9 ოქტომბერს გააკეთა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ბათუმს დაახლოებით 500 ლარი გადაერიცხება სარეზერვო ფონდიდან. თუმცა წელს თბილისობის შეზღუდულ ფორმატში ჩატარების გამო ქალაქი დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს დაზოგავს და ეს ფული თბილისის ბიუჯეტში დარჩება.

მერიის განმარტებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ სხვა მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადაცემა მხოლოდ სარეზერვო ფონდიდან შეუძლიათ.

რაც შეეხება მოთხოვნილი თანხის დარჩენილ, 1.3 მილიონს, მერიის განმარტებით, ეს თანხა მოხმარდება თბილისში სხვადასხვა სტიქიის, მათ შორის ქარების და ძლიერი წვიმების დროს დაზარალებულების სახლების რეაბილიტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი