გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.

გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა.

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით კარანტინში/თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი 12 დღეა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42/10-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით.

უგულავამ აქციაზე მისვლა იმით ახსნა, რომ სწრაფი ტესტი გაიკეთა, ვირუსი აღარ დაუდასტურდა, აღარ იყო გადამდები და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

15 ოქტომბერს მან PCR ტესტის შედეგად მიღებული უარყოფითი პასუხის ფოტოც გამოაქვეყნა.