ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ 2012-ს ვერც კი შევადარებ – სერგეენკო სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს გამართული აქცია 2012 წელს “ქართული ოცნების” აქციის მასშტაბებისგან განსხვავებული იყო.
თუმცა სერგეენკო აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გუშინ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა.
“ეს პრეცედენტული იყო, ჰგავდა თუ არა 2012 წლის აქციებს თავისი რაოდენობით. გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მოსული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ. 2012 წელი კარგად მახსოვს და მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში და მასშტაბები განსხვავებული იყო. არ მინდა, რომ დაკნინებად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ”, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, სერგეენკოს თქმით, “თავების დათვლა” კორექტულად არ მიაჩნია.
“რა თქმა უნდა, ადამიანების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არც ისე, რომ ასე სკრუპულოზურად იყოს დათვლილი. აქვთ ამ ადამიანებს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური საკითხები საქართველოში წყდებოდეს პოლიტიკურ ინსტიტუციაში და არა ქუჩაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს მსგავსად, “ქართული ოცნების” არაერთმა ლიდერმა და მათმა მხარდამჭერებმა 14 ოქტომბერს გამართული აქციის შეფასებისას სწორედ ეს შედარება გამოიყენეს – მოქალაქეების რაოდენობა 2012 წლის დემონსტრაციებზე, რასაც მაშინდელი ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.
14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში.  “ნეტგაზეთის” დათვლით აქციაში დაახლოებით 38 500 იყო [სულ მცირე]- 57 600 [მაქსიმუმ] მონაწილეობდა.