პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება — 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

კომიტეტებში, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის მოხსენებისა და ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების განხილვა 8-18 ოქტომბრის პერიოდში გაგრძელდება.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ წელს მშპ-ის 4.3%-ია.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და 18.7 მილიარდი ლარი იქნება. სხვა შემოსავლების პროგნოზი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 130 მლნ ლარით მცირდება და 670 მლნ ლარით განისაზღვრება.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 055 000 000 ლარით მცირდება და 18.4 მილიარდ ლარს შეადგენს. განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით: 2022 წელს მნიშვნელოვნად (850 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი). პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები 500 მლნ ლარით დაფინანსდება.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. შედეგად, საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885 000 000 (285 მლნ ლარით მეტი).

სამინისტროების და სხვა საბიუჯეტო ინსტიტუტების დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

ამ ეტაპზე პარლამენტში წარმოდგენილია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. განხილვების შედეგად პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდება კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის წარედგინება.