ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

12 ოქტომბერი, 2021 • 1152
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით  მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგს ითხოვს.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მონიტორინგისა და თანამშრომლობისთვის მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს.

“ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელოს პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინონ

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა”, –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, სააკაშვილი ითხოვს, რომ პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი