სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც შეუერთდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც უერთდება. ის საკუთარ გადაწყვეტილებას ფეისბუქზე განმარტავს:

“გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი”, – წერს თამაზ ლომიძე.

დღეს, 11 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც შეუერთდნენ.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. ამ დროისთვის პეტიციას 25 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.