ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ჯამში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 9 ცხედარი, მათგან 3 ბავშვია.

როგორც ადგილზე „ბათუმელების“ კორესპონდენტი იუწყება, სამაშველო სამუშაოები ადგილზე შეჩერდა. ტერიტორია დაატოვებინეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე მოქალაქეებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს აღარ ეძებენ.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.