ქსელური პრობლემა გვაქვს – ფეისბუკი

ფეისბუკის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მაიკ შროპფერი წერს, რომ ფეისბუკს ქსელური პრობლემა აქვს.

უკვე რამდენიმე საათია, რაც ფეისბუკი და მის დაქვემდებარებაში მყოფი აპლიკაციები ინსტაგრამი და whatsapp გათიშულია.

„გულწრფელად ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ფეისბუკის სერვერების გათიშვით დაზარალდა. ამჟამად ჩვენ გვაქვს ქსელური პრობლემა და ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ ის და აღვადგინოთ ქსელი“, – წერს ის ტვითერზე.

*Sincere* apologies to everyone impacted by outages of Facebook powered services right now. We are experiencing networking issues and teams are working as fast as possible to debug and restore as fast as possible

— Mike Schroepfer (@schrep) October 4, 2021

გათიშვის სხვა დეტალები და ასევე ზუსტი დრო ამ ეტაპზე (00:58 საათი) უცნობია.

პარალელურად, ტვიტერზე მოქალაქეები და ჟურნალისტები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კომპანიის შენობაში თანამშრომლები ვერ შედიან. რისი მიზეზიც ისაა, რომ მათი ელექტრონული ე.წ. ბეიჯები (საიდენტიფიკაციო ბარათები) არ მუშაობს. Bloomberg-ის ინფორმაციით კი, გათიშვის შემდეგ მარკ ცუკერბერგმა 6 მილიარდზე მეტი დაკარგა.

Was just on phone with someone who works for FB who described employees unable to enter buildings this morning to begin to evaluate extent of outage because their badges weren’t working to access doors.

— Sheera Frenkel (@sheeraf) October 4, 2021


სოციალური ქსელის გათიშვამდე მედიაში გავრცელდა „ფეისბუკის მამხილებლის“, ფრენსის ჰაუგენის ინტერვიუ. ქალი, რომელიც მანამდე ფეისბუკში მუშაობდა, პროფესიით არის მონაცემთა ანალიტიკოსი.

CBS-თან ვრცელ ინტერვიუში ის ჰყვება, რომ კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მოგებას და არ ცდილობს დეზინფორმაციასთან თუ სიძულვილის ენასთან სათანადო ბრძოლას.

მისივე თქმით, ფეისბუკის ალგორითმი შექმნილია იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საფრთხის შემცველი თუ ნეგატიური კონტენტის გავრცელებას, რადგან კომპანიაში იციან – ასე მომხმარებელს უფრო მოიზიდავენ და უფრო მეტ დროს გაატარებინებს ქსელში.

CBS-თან ინტერვიუმდე ჰაუგენმა შიდა მოხმარების დოკუმენტები მიაწოდა The Wall Street Journal-ს, თუმცა, ანონიმურად. დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცემამ გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კომპანიის სისტემურ ხარვეზებზე – მათ შორის იმაზე, რომ ფეისბუკმა იცის, რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს მოზარდებზე. ასევე, ის ვერ ებრძვის სიძულვილის ენასა თუ სხვა ტიპის დანაშაულებს, ამის ნაცვლად კი „უსაფრთხოების წინ აყენებს მოგებას“.