ახალი ამბები

„არჩევნების დღე გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში“ — ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია

3 ოქტომბერი, 2021 • 1522
„არჩევნების დღე გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში“ — ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა წარიმართა მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ძალადობის ცალკეული შემთხვევები.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ბრიფინგი დღეს, 3 აგვისტოს გამართა და მიუთითა იმ პრობლემებზეც, რომლებიც თან ახლდა არჩევნებს.

„2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში. კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შეძლეს, თუმცა ეს პერიოდი ხასიათდებოდა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე, ასევე, არათანაბარ გარემოს.

ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი.

მნიშვნელოვანი დისბალანსი აღინიშნება რესურსებში და არასაკმარისი ზედამხედველობა კამპანიის ფინანსებზე, არასათანადო უპირატესობა მმართველი პარტიისა, რამაც საბოლოოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა“ ,— თქვა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა.

ჯონსონმა ხაზი გაუსვა ქალთა ნაკლებ წარმოამდგენლობას 2 ოქტომბრის არჩევნებში და ამ მიმართულებით გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, “არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით, ხმების დათვლის პროცესში. ბოროტად იყო გამოყენებული პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. კერძოდ, ეს ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.”

მისივე შეფასებით, „არჩევნები გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში, მაგრამ აღინიშებოდა ძალადობის ცალკეული შემთხვევები“.

სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის პროცედურა გამჭვირვალედ შეაფასა, თუმცა აღნიშნა ტექნიკური პრობლემები, რაც ახლდა შემაჯამებელი ოქმების შევსებას.

„მთლიანობაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესები ტექნიკურად მართა ეფექტიანად“, — აღნიშნა ალბერტ ჯონსონმა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოსა და პოლარიზებულ მედიაგარემოზეც.

„ბევრმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან. კამპანია იყო კონკურენტუნარიანი.

ზოგადად, კამპანია იყო წყნარი, მაგრამ დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, აგრესიული რიტორიკა იყო სოციალურ ქსელებში“, — თქვა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, „მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა თანამდებობის პირების ჩართულობამ საარჩევნო პროცესში“. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში მოსყიდვის, დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებაც.

ეუთო/ოდირის სადამკვრივებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი დამკვირვენელი აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი