TI სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI),  სავარაუდო „კარუსელის“ გამო, მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, აცნობეს, რომ აღნიშნულ უბანზე ერთმა პირმა ხმა ხუთჯერ მისცა.

ამასთან, ორგანიზაციისვე ცნობით, ამავე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. TI აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა, მე-10 უბანშია რეგისტრირებული

ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

ეკა გიგაურის თქმით, ამავე უბანზე მათ დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე ცნობით, ამავე უბანზე, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ, 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.

გარდა ამისა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, TI-ც  კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევაზე საუბრობს. როგორც გიგაური ამბობს, აღნიშნული დარღვევაა თითქმის ყველა უბანზე, სადაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან. მისივე თქმით, ასეთი შემთხვევებისას მათი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა.

14:00 საათის მონაცემებით, TI-ის მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა

#28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

ცესკოს პასუხი

განახლება, 16:50 — ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვიანებით უპასუხა „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ განცხადებას და ორგანიზაციას მოუწოდა, შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს „კარუსელის“ დამადასტუეებელი ფაქტები.

„საუბნო საარჩევნო კომისიასაც ექნება შესაბამისად რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, ხშირად არის ხოლმე მოდის ერთი ინფორმაცია, მოდის ფოტოსურათები, შემდეგ ვაზუსტებთ და სულ სხვა სურათი გვხვდება.

შესაბამისად, მოდით, ნუ ავყვებით ემოციებს, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი წესრიგშია. მშვიდობიანად მიმდინარეობს პროცესი. შევუწყოთ ხელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ჩვენც ვნახეთ რამდენიმე ჩანაწერი და თხოვნა გვექნება, ამ პროცესზე მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამ პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა ჩართული მხარე“ — აცხადებს ცესკო.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.