კვლავ შეინიშნება უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება – ISFED

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”(ISFED), 2 ოქტომბრის 10 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 18 საჩივარი დაწერა.  ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის კვლავ შეინიშნება და პრობლემურია საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. მათივე ცნობით, ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

მისივე თქმით, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის წინა არჩევნებთან შედარებით გაუარესებული მონაცემი იყო ის, რომ ზუსტად 8 საათზე გახსნისთვის მზად იყო უბნების მხოლოდ 75%.

10 საათის მონაცემებით,  კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (3) 

წილისყრის წესის დარღვევა (3) 

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება (2)

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა 

სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები (1) 

უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის  აღრიცხვა (1)

ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი

საჩივრები, განცხადებები

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 8 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 10 საჩივარი. 4 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.


ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათავო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი). 

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.