ახალი ამბები

შემდეგი ნაბიჯი კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იქნება, ინტერესი „ფორმულაა“ – გუმბარიძე

30 სექტემბერი, 2021 • 1672
შემდეგი ნაბიჯი კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იქნება, ინტერესი „ფორმულაა“ – გუმბარიძე

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ეხმიანება თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელს და ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი დავით კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იქნება.

„თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელის შეშლას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნების შემდეგ მედიას, რომელიც მისთვის დღეს წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას, ერთიანად გაუსწორდეს“, — აცხადებს გუმბარიძე.

მას მაგალითად მოჰყავს სხვა ტელეკომპანიების მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას და ვატო წერეთლის მამის, ავთო წერეთლის წინააღმდეგ.

„დარჩენილი იყო ერთადერთი მედია, ძლიერი ფინანსურად და ინფრასტრქუტურულად, საჭირო იყო მესამე მედიისთვის „მოევლო“ ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი მხოლოდ ამას ემსახურება. ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი იქნება კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონებების დაყადება. ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს „ფორმულას“ წილი, რათა, საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ ის, რომ ქვეყანაში არ იმაუწყებლოს არცერთმა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიამ“, — განმარტავს ის.

ზუკა გუმბარიძე ასევე აცხადებს, რომ ახლა მთავარი მაინც 2 ოქტომბრის არჩევნებია: „მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლება მიდის უდიდესი ნაბიჯებით რუსეთისკენ და რუსული ტიპის მმართველობისკენ.“


დღეს, 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

სამინისტრო ითხოვს დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას. ჯერჯერობით თავდაცვის სასმინისტრო არ აზუსტებს, მოითხოვს თუ არა „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

კეზერაშვილი: ღარიბაშვილი ფიქრობს, ამგვარად დამაშინებს მე ან “ფორმულას”

მასალების გადაბეჭდვის წესი