ახალი ამბები

უზენაესმა ჯერ არ მოგვაწოდა კეზერაშვილის საქმის სამოტივაციო ნაწილი – ომბუდსმენი

30 სექტემბერი, 2021 • 711
უზენაესმა ჯერ არ მოგვაწოდა კეზერაშვილის საქმის სამოტივაციო ნაწილი – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აპარატს ჯერ არ მისცა დავით კეზერაშვილის საქმეზე  გადაწყვეტილების განმარტებითი ნაწილი.

 რამდენიმე კვირის წინ უზენაესმა კეზერაშვილი გაამტყუნა ე.წ. წვრთნების საქმეზე. თუმცა მანამდე, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში კეზერაშვილმა ეს საქმე მოიგო. თავდაცვის სამინისტრო ამ საქმის ფარგლებში უკვე ახალ  სამოქალაქო დავას იწყებს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სახალხო დამცველს დღეს ჰკითხეს, რას ფიქრობს თავდაცვის სამინისტროს ახალ სარჩელზე. ლომჯარიამ თქვა, რომ ამის შესახებ ვრცლად ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან უზენაესი სასამართლოსგან ჯერ არ მიუღია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო – ანუ განმარტებითი ნაწილი.

„როდესაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, რომ მოეწოდებინათ გადაწყვეტილება, გვითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ანუ სამოტივაციო ნაწილი ამ საქმეზე არ არსებობს, რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია. როდესაც ასეთი მაღალი რეზონანსისა და მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია მიმდინარეობს საქმის განხილვა და ძალიან საჩქარო არაა დღეს გადაწყვეტილების მიღება – რატომ არ შეიძლება იყოს ამდენი ხნის განმავლობაში დაწერილი საბოლოოდ გადაწყვეტილება.

ამიტომ ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. როდესაც ის იქნება საბოლოოდ შედგენილი, თავისი სამოტივაციო ნაწილით და მივიღებთ, გავეცნობით, ვართ დაინტერესებული ამ საკითხის შესწავლით და შემდეგ წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აჩენს ეს ეჭვებს, რომ სახელმწიფო ცდილობს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას, ლომჯარია აცხადებს, რომ ასეთი შთაბეჭდილება მართლაც იქმნება.

„გარკვეულ მსგავს შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, ამიტომ ვინტერესდებით და გვსურს ამ გადაწყვეტილების შესწავლა. ასეთი კითხვები და შთაბეჭდილებები რომ არ არსებობდეს, არ ჩავერთვებოდით და არ დავინტერესდებოდით“, – აცხადებს ლომჯარია.


დღეს, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

როგორც უწყებამ ნეტგაზეთთან დააზუსტა, სამინისტრო დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ჯერჯერობით თავდაცვის სასმინისტრო არ აზუსტებს, მოითხოვს თუ არა „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

კეზერაშვილი: ღარიბაშვილი ფიქრობს, ამგვარად დამაშინებს მე ან “ფორმულას”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი