თბილისის მერიის ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია 29 სექტემბერს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა.
კალაძის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება, პროექტისთვის კი 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
“უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება საფეხმავლო ხიდის გვერდით. ხიდი დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება.
ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე, წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი”, — აღნიშნა მან.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ხიდი “ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის”.
“როდესაც ამ ხიდის სამუშაოები დასრულდება, აუცილებელი არის, რომ უნივერსიტეტის ქუჩა ამ პროექტს მოდერნიზებული სახით დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია”, — დასძენს მერის მოადგილე.
კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგების დასახლების გზებიც მოწესრიგდება:
“ბაგების გზაზე არ არის ტროტუარი, გზა ვიწროა, ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, ავტომანქანის გაჩერება შეუძლებელია. ეს ყველაფერი მოწესრიგდება, ისევე, როგორც ჩოლოყაშვილის ქუჩა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ქუჩა კაპიტალურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით რეაბილიტირდება”.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის აშენება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, როცა ის პირველი ვადით აირჩიეს ქალაქის მერად.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძეა.
კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ პროგრამები








