ახალი ამბები

ჩემი მანქანა დაცხრილეს — ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან

25 სექტემბერი, 2021 • 3698
ჩემი მანქანა დაცხრილეს — ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან

ბესარიონ ბენდელიანი, რომელიც ცაგერის მერობის კანდიდატია პარტიიდან “საქართველოსთვის”, აცხადებს, რომ მისი ავტომობილი დაცხრილეს. მისივე თქმით, ადგილზე უკვე მივიდა პოლიცია.

ბენდელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ავტომობილი წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, ცაგერში, საკუთარი სახლის წინ გააჩერა, 25 სექტემბრის დილით კი აღმოაჩინა, რომ “მანქანა არის დაცხრილული”.

“რამდენიმე ტყვიაა ნასროლი”, — აღნიშნავს მერობის კანდიდატი.

ბესარიონ ბენდელიანი აღნიშნულ ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებს და დაშინების მცდელობას უკავშირებს.

“ერთადერთი, რასაც ვუკავშირებ, არის არჩევნები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ამ მავნებელ “ქართულ ოცნებას”.

მე საკმაოდ მყარი პოზიციები მაქვს რაიონში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 70-80% დადებითად არის განწყობილი [ჩემ მიმართ] და ნეგატიურად — ამ მავნებელი “ოცნების” წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, კონკრეტულად ვისაუბრო ვინმეზე. ერთი რაც არის, რომ ესენი არიან შეშინებულები. დიდი ალბათობით, ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია ერთი მიზნით, რომ ან შევშინდე, ან შევწყვიტო საარჩევნო კამპანია, რაც გამორიცხულია”, — დასძინა მან.

მერობის კანდიდატი აღნიშნავს რომ სავარაუდოდ, ავტომობილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან “ძალიან მჭიდრო დასახლებაა” და გარშემო მცხოვრები მეზობლები სროლის ხმას გაიგონებდნენ. მისივე სიტყვებით, ადგილზე პოლიცია გამოძახებიდან მალევე მივიდა.

“ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაზიანებული ავტომანქანის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მერობის კანდიდატის ნათესავმა გაავრცელა.

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი