ახალი ამბები

გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს

17 სექტემბერი, 2021 • 1560
გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს

სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, 2019 წელს მთაწმინდაზე იაკობ გოგებაშვილის საფლავი რომ დაზიანდა, მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი უფროსი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, სხვა არავინ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა არაერთ პირსა და უწყებას, თუმცა, დეტალების შესახებ საუბარზე ყველგან უარი გვითხრეს.

არც თბილისის მერია და არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ ადასტურებს, რომ იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, კომენტარზე უარს აცხადებს საპატრიარქო.

მთაწმინდაზე გოგებაშვილის საფლავის დაზიანების შესახებ საუბარია, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილ ფაილებში, სადაც ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მაშინდელ ხელმძღვანელს არ უნდა, რომ ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდეს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა.

ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელი,ა დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშთის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას“ ,- წერია გაჟონილ ფაილებში.

თავად ანთიძდ ტელეკომპანია „ფორმულასთან” ადასტურებს, რომ საფლავი მართლაც დაზიანდა.

„მაშინვე მოხდა მისი არქეოლოგიურად შესწავლა, მოხდა მისი, ასე ვთქვათ, პატივით, ეკლესიურად შეკეთება და შესწავლა ამ სამარხის. ახალი სამარხით მოხდა იმავე ადგილზე დაკრძალვა..

ამ სამუშაოების დროს რაღაც მომენტში ჩაინგრა თაღი და სწრაფი რეაგირება მოხდა ძალიან“, – ამბობს ანთიძე „ფორმულასთან“. ნეტგაზეთმა მანამდე არაერთხელ სცადა ანთიძესთან დაკავშირება. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ნეტგაზეთს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უთხრეს, რომ ვერ დაუდასტურებენ ამ ინფორმაციას. ჩვენს დამატებით კითხვებზე კი პრესსამსახურში გვიპასუხეს:

„რასაკვირველია, საფლავი სრულყოფილია. სხვა იქ რა მოხდა,  ნამდვილად დაზინდა თუ აღდგა.. მე ვერ გიდასტურებთ დაზიანების ფაქტს და მისი აღდგენის ფაქტი როგორ დაგიდასტუროთ?!“,- გვითხრეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

აღნიშნულს არ ადასტურებენ არც თბილისის მერიაში. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებითი პასუხი დღეს თავად თბილისის მერისგან,  კახა კალაძისგან შეგვიძლია მივიღოთ, რომელსაც 17:00 საათზე რადიოქალაქის პრეზენტაცია აქვს.

ინფორმაციის გადამოწმებაზე უარი გვითხრეს საპატრიარქოშიც. კომენტარზე უარი გვითხრა მიტროპოლიტ დავით მახარაძის მდივანმაც. მან განგვიცხადა, რომ უარს აცხადებს აცნობოს კიდეც მიტროპოლიტს, რომ ვრეკავდით, თავად მიტროპოლიტი კი სატელეფონო ინტერვიუებს არ იძლევა და პასუხისთვის შეგვიძლია მას შევხვდეთ ალავერდის ეპარქიაში.

სავარაუდოდ, სუსიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა. მას შემდეგ არაერთი პირი, მათ შორის, ჟურნალისტები თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფაილებში  საკუთარი თავები და საუბრები იცნეს.

განახლება: დღის ბოლოს მერიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა, რომ საფლავის ქვა ჩავარდა არა მათი სამუშაოების, არამედ სიძველის გამო.

წაიკითხეთ ასევე:

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი