აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან და დისკრედიტაცია ანონომური გვერდებით — ISFED-ის ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე, პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია გვერდებზე დაკვირვების შედეგები. საანგარიშო პერიოდში (2-22 აგვისტო) “სამართლიანი არჩევნების” მონიტორებმა 1 126 პოსტი შეისწავლეს.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ აქტიურად ზიარდებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ვიზიტები. ამასთან, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი თანამდებობის პირები არიან და მათი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფეისბუქგვერდებზე შუქდებოდა, რაც, ISFED-ის თქმით, სხვა კანდიდატებთან შედარებით, მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:

ანგარიშის თანახმად, ფეისბუქზე, ასევე, გამოიკვეთა „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ორ ფეისბუქგვერდზე („სიმართლის დროა“ და „Informer”) წარიმართება.

ISFED-ის დაკვირვებით, კვლავ გამოიყენება ცრუ მედიის გვერდების ტაქტიკა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში 12 ცრუ მედიის გვერდი მოქმედებდა. მათი უმეტესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. განსხვავებულად მოქმედებდა ორი გვერდი: 1.“მნიუსი Mnews” 2020 წელს „ქართული ოცნების“ სასარგებლო გზავნილებს ავრცელებდა. გიორგი გახარიას პარტიის დატოვების შემდეგ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები მის სასარგებლოდ შეიცვალა. 2. “რუსთავი•news”, რომელიც მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის საწინააღმდეგო და „ენმ”-ის კანდიდატ დავით კირკიტაძის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს.

“ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ცრუ მედიის გვერდების ნაწილზე ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდებოდა. ქვეყნდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მოსაზრებები, რომლებიც დასავლეთის,  კონკრეტულად კი, ამერიკის ელჩის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას გულისხმობდა. ანონიმური გვერდების ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. მათგან 23 გვერდი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აქტიურობდა, 25 გვერდი კი ოპოზიციურ პარტიებს უჭერდა მხარს. მათგან, 13 გვერდი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, ოთხი გვერდი, წინასაარჩევნოდ, გიორგი გახარიას სასარგებლოდ მოქმედებდა”, — ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში.

ISFED-ის თანახმად, “ქართული ოცნების” და მთავრობის წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდების მიერ გამოქვეყნდა 695 პოსტი (ინტერაქცია — 31 003), ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მიერ — 281 პოსტი (ინტერაქცია — 101 917).

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური რეკლამების რაოდენობით ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში, 892 რეკლამა განათავსა. პარტიებიდან მას „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ მოჰყვება (155), ხოლო მესამე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ (93) იკავებს.

ISFED-ის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობა. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ ფეისბუქზე განთავსებული 70 არადეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა და გაასაჩივრა. გასაჩივრებულ რეკლამებს შორის “ფეისბუქმა” მოქმედება მხოლოდ 10%-ს შეუჩერა. ამდენად, პლატფორმის რეაგირება არადეკლარირებელ რეკლამებზე საჩივრების მიმართ, წინა არჩევნების მსგავსად, არასაკმარისი იყო. არადეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები განთავსდა როგორც ოფიციალურ პარტიულ, ისე ანონიმურ გვერდებზე. ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა დეკლარირების გარეშე „მესამე ძალამ“ განათავსა.