შანაე ბრუკის პატივსაცემად საქართველოში მცხოვრები უცხოელები შეიკრიბნენ

ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე საქართველოში მცხოვრები უცხოელები მთაწმინდის კიბეებთან შეიკრიბნენ, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბრუკი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა.

როგორც ადგილზე შეკრებილმა უცხოელებმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, ამ გზით სურდათ, პატივი მიეგოთ გარდაცვლილი მასწავლებლის ხსოვნისთვის. მათი თქმით, შანაე ბრუკს პირადად არ იცნობდნენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს ეხება, რადგან ქალების მიმართ არსებობს რეალური საფრთხეები და ბრუკის მკვლელობამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენა.

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვინა ლაპკასის თქმით, ბრუკის მკვლელობამ აჩვენა, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ქალებისთვის თბილისში ცხოვრება.

“საქართველოში ბრუკის გარდაცვალების შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად, თუმცა მის შემთხვევასთან დიდ კავშირს ვგრძნობ. 31 წლის ვარ, შესაძლოა მეც მესეირნა პარკში და ჩემთვისაც ბოლო აღმოჩენილიყო ეს სეირნობა. ძალიან რთულია, რომ ამაზე არ იფიქრო, შანაეს ადგილას შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს საშიში ადგილია, თუმცა მასაც არ ჰქონდა ამის შესახებ წარმოდგენა”, — უთხრა ლაპკასმა “ნეტგაზეთს”.

ლაპკასის თქმით, პრობლემად აღიქვამს იმასაც, რომ 40 დღის განმავლობაში ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია არ მიეწოდება. ინფორმაციის ნაკლებობის გამო საქართველოში მცხოვრები უცხოელები თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას და გამოძიების გაჭიანურების გაპროტესტებას გეგმავდნენ. თუმცა დაგეგმილი ღონისძიებამდე 2 საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა, რომ ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რის გამოც ორგანიზატორებმა შეკრების მსგავსი სახით გაუქმება გადაწყვიტეს.

“კარგია, რომ პოლიციამ ბრალდებული დააკვა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაფერი ვიცოდით, როგორ მიდიოდა გამოძიება. ვიმედოვნებ, რომ გამოძიებისდ შედეგა ნამდვილი დამნაშავე დააკავეს და ის მაქსიმალურად დაისჯება”, – დასძინა ლაპკასმა.

საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმა შანაე ბრუკის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ფოტო: სოფო აფრიამაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია და დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობით, შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს