კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ პროგრამები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა ძირითადი პოლიტიკურ პარტიებისა და მათი მერობის კანდიდატების უმრავლესობას საარჩევნო პროგრამები ამ დრომდე არ აქვთ.

რა გეგმები აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს?

სრული საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნებული არ აქვს თბილისის მოქმედ მერს და “ქართული ოცნების” კანდიდატ კახა კალაძეს. 6 სექტემბერს მან საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები დაასახელა და მეტწილად მიმდინარე პოლიტიკის გაგრძელება დააანონსა.

კალაძის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება:

კახა კალაძის საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოორდინაციაზე და საარჩევნო ოლქების ნაწილში ერთიანი კანდიდატებს დაყენებაზე შეთანხმდნენ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “დროა” და “გირჩი — მეტი თავისუფლება”. ისინი თბილისის მერის არჩევნებში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერენ მხარს, რომელსაც საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენია. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალიზებული ან თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა არ აქვთ და არც ის იციან, როდის ან გამოქვეყნდება თუ არა პროგრამა საერთოდ.

კოორდინაციაში მყოფი პარტიების ვიცემერობის კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძეა. “რძე და ყველი – 45” — ასე ჰქვია “გირჩი — მეტი თავისუფლების” ქვეყნის განვითარების ხედვას, რომლის მოკლე და სრული ვარიანტიც პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პარტიის ზოგადი პროგრამა და არა 2021 წლის თვითმმართველობების არჩევნებისთვის შექმნილი, მაინც მოიცავს ხედვას თვითმმართველობის ნაწილშიც. კერძოდ:

თბილისის პოლიტიკური დეცენტრალიზაცია, პროგრამის მიხედვით, ითვალსიწინებს თბილისის 12 რაიონისთვის არჩევითი საკრებულოების შექმნას და ცენტრალიზებული ფუნქციების რაიონების საკრებულოებზე გადანაწილებას, მერისთვის კოორდინატორის ფუნქციის დაკისრებას საკრებულოებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად, “გირჩი — მეტი თავისუფლების” აზრით, მერი დაკავებული უნდა იყოს შესყიდვებით, ტენდერების გამოცხადებით და სხვა ფუნქციებით, რომლებზე გადაწყვეტილებაც მიიღება დეცენტრალიზებულად. პრგორამის თანახმად, თითოეულ რაიონის საკრებულოს შეეძლება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები შეამციროს თავისი შეხედულებებისამებრ; მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის სრული განკერძოება და ტრანსპორტის სფეროს სრული დერეგულირება; თბილისის მიწისქვეშეთის ეტაპობრივი პრივატიზება, ახალი მეტროს ხაზების,  მეტროსადგურების, ავტოსადგომების ან სხვა დანიშნულების ბიზნესის შესაქმნელად და ყველა სამთავრობო შენობა გადავა სამგორის რაიონში.

9 სექტემბერს გეგმავს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას “ლელო”, რომლის თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილია.

10 სექტემბერს როგორც თბილისისთვის, ასევე, სხვადასხვა რეგიონებისთვის განკუთვნილი საარჩევნო პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგენას აანონსებს პლატფორმა “მესამე ძალა”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრ სერგო ჩიხლაძის თქმით, თბილისის განვითარების პროგრამის ძირითადი მიმართულებები იქნება:

7 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის “ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დაასახელა დედაქალაქის განვითარების ექვსი პრიორიტეტი:

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მისი, როგორც მერობის კანდიდატის, სლოგანია “თბილისი ხალხისთვის”. ანა დოლიძის თქმით, პარტიას “ხალხისთვის” აქვს როგორც ცენტრალიზებული საარჩევნო პროგრამა, ისე კონკრეტულად თბილისის მერის პროგრამა, რომელის სრული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პარტიის “საქართველოსთვის” ინფორმაციით, საკუთარ საარჩევნო პროგრამას წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია, თუმცა კონკრეტულ თარიღს პარტიაში ვერ ასახელებენ.

რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროგრამას?

“დემოკრატიულ სამყაროში, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მათ გარეშე ამომრჩეველს პოლიტიკური სუბიექტების გეგმებში, ღირებულებებში და შეხედულებებში ორიენტაციის საშუალება არ აქვს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე არის დარჩენილი, ძირითად პოლიტიკურ ძალებს პროგრამა დამტკიცებული არ აქვთ”, — აცხადებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ვებგვერდზე www.partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

პლატფორმა ტექნიკურად საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა მისთვის საინტერესო საკითხებზე საარჩევნო სუბიექტების ხედვები ერთმანეთს შეადაროს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პროგრამების ონლაინ პლატფორმაზე განთავსების მიზნით EECMD-მა პარტიებს მიმართა, მიაწოდონ შევსებული კითხვარი და თბილისის მერობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია 25 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის მიღება და ვებგვერდის განახლება ამ დრომდე ვერ მოახერხა. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, დროულად გამოაქვეყნონ წინასაარჩევნო პროგრამები.

EECMD-ის საჯაროდ უპასუხა “სტრატეგია აღმაშენებლმა”.

“პროგრამაზე მუშაობა დასრულებულია და უკვე ბეჭდვაში არის ჩაშვებული. ჩვენი გადასაწყვეტია, როდის წარვადგენთ პროგრამას, ჩვენ გვაქვს ჩვენი დედლაინები. ის, რომ ჩვენი დედლაინი ვინმეს პროგრამულ ან გრანტულ დედლაინს არ ემთხვევა, პროგრამების არქონას არ ნიშნავს”, — ამბობს სერგო ჩიხლაძე EECMD-ის მოწოდების საპასუხოდ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პროგრამების ირგვლივ დებატების  წარმოების კულტურა დაბალია და დისკუსია ძირითადად მიმდინარეობს ზეპირი განცხადებებისა და დაპირებების ირგვლივ.

EECMD- მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ვალია, წარადგინონ კონკრეტული სტრატეგია და ამით გამოხატონ, თუ რატომ უნდა აირჩიოს ის მოქალაქემ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, დაამტკიცონ, რომ მათი პოლიტიკური ხედვა არის არსებული პრობლემების გადაჭრის უკეთესი გზა.

საარჩევნო კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებსაც კი უფლება (თუმცა არა ვალდებულება) აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისკენ მოწოდებას და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.