ახალი ამბები

სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა – უსუფაშვილი

31 აგვისტო, 2021 • 2719
სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა – უსუფაშვილი

პარტია “ლელოს” წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სირცხვილი მოსვენებას არ აძლევს, რომ მასაც “ოცნება” ერქვა.

მან ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გააკეთა.

“მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა არის თავგზააბნეულობა.

“ევროკავშირი აგრძელებს ქართველ ხალხზე ზრუნვას და უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია “ოცნების” დღევანდელი ვერსიის არსში და არ აპირებს აჰყვეს მას, საქართველოს დასჯას არ აპირებს, მაგრამ ეს ხელისუფლება რომ დასასჯელიცაა და სათანადო ადგილზე გასაშვებიც, ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. პოლიტიკური მანევრი აღარ ჰქვია ამას, პოლიტიკური თვალთმაქცობაც აღარ ჰქვია, ძალიან ბევრი რამ აღარ ჰქვია, ეს არის თავგზააბნეული, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლების დავიწროებული თვალსაწიერი და საკუთარ პოლიტიკურ გადარჩენას უკავშირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ამის მიღმა არაფერი აღარ აღელვებთ. არ აღელვებთ ის, თუ რანაირად წარმოჩნდება ქვეყანა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი