რაში სჭირდება ჩემი მცდელობა, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება? – სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის დახმარების შესაჩერებლად მისი მცდელობები საჭირო არ არის, რადგან ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისედაც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსებს შორის. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მიკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის, 75 მილიონ ევროს მიღებაზე საქართველო უარს ამბობს, რადგან ეს არის სესხი, რომელიც “ორნიშნა ეკონომიკური ზრდის” ფონზე ქვეყანას ამ ეტაპზე არ სჭირდება. ღარიბაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას მისი პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ სააკაშვილი “დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და ყველა მცდელობა აქვს, რომ რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით”.

ღარიბაშვილის ნათქვამს სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ პანდემიისას საკუთარი კონტაქტების დახმარებით რამდენჯერმე შეეცადა უცხოეთიდან დახმარების მიღებას, თუმცა სააკაშვილის ჩართულობით დახმარების მიღებაზე უარს მუდამ ამბობდა “ქართული ოცნების” მთავრობა. რაც შეეხება კონკრეტული დახმარების შეჩერებას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაში მისი მცდელობები საჭირო არ არის:

“რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება. ღარიბაშვილის დანახვა საკამრისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის დახმარებაზე უარს სინამდვილეში “ქართული ოცნება” არ ამბობს, რადგან ევროკავშირი თავად აჩერებს დახმარების გაცემას საქართველოსთვის.

“ჯერ ერთი, იტყუებიან იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად უფასო ფული, ევროკავშირის ფული, რასაც ამბობს ივანიშვილი, უბრალოდ, აღარ აძლევენ ამ უფასო ფულს იმიტომ, რომ იღებენ 5-ჯერ მეტი პროცენტით ევროფონდებს და სხვა კრედიტებს. გააღატაკეს ბიუჯეტი, ორჯერ გაზარდეს ვალი საქართველოში ჩემს მმართველობასთან შედარებით, ორჯერ და მეტჯერ გაზარდეს სიღარიბე და ორჯერ გაზარდეს უმუშევრობა, ორჯერ დააგდეს ვალუტის კურსი და ევროკავშირის დახმარების არმიღების სემდეგ ვალუტა კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რა თქმა უნდა, ამათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ, არ უნდა მიიღონ იმიტომ, რომ მთლიანად მიდის მათ ჯიბეებში და არაფერი აღწევს ქართველ ხალხამდე. ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ესენი ცდილობენ, ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროპას და გადაგვაქციონ რუსულ ჭაობად”, — განაცხადა სააკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახსენა.

მიშელმა საკუთარი ტვიტერის გვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თქვა, რომ პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ბოლო ვადა ახლოვდება და საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებების, განსაკუთრებით კი, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულების დემონსტირების დროა“, — წერდა მიშელი.

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო.

მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას