ახალი ამბები

ისრაელმა საქართველო “წითელიდან” “ნარინჯისფერ” სიაში დააბრუნა | კორონავირუსი

24 აგვისტო, 2021 •
ისრაელმა საქართველო “წითელიდან” “ნარინჯისფერ” სიაში დააბრუნა | კორონავირუსი

ისრაელმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით ე.წ. წითელი ქვეყნების სიიდან “ნარინჯისფერი” ქვეყნების ჯგუფში დააბრუნა.

მიღებული გადაწყვეტილებით, ისრაელის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქართველოში მოგზაურობას, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას ან კარანტინს.

ინფორმაციას ისრაელის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო “წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან “ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე ძალაში შედის პირველი სექტემბრიდან”, — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელმა საქართველოს ე.წ. წითელი ქვეყნის სტატუსი 23 ივლისს მიანიჭა, ხოლო საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობა 30 ივლისიდან აუკრძალა.

მაშინ ისრაელის საელჩო საქართველოში აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედებოდა, რაც ვირუსის გავრცელებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

დღეს, 24 აგვისტოს, კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 60 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10.72%-ია.

საქართველოში შემოსული ტურისტების ერთ-ერთი უდიდესი წილი ისრაელიდან ჩამოსულ მოგზაურებზე მოდის. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ისრაელის ბაზრის ჩაკეტვამ ტურიზმის სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი