ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

19 აგვისტო, 2021 • 1391
ზურაბ ზვიადაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ზვიადაურს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.

საქმე ეხება კახეთში 16 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარ დაპირისპირებას, რის გამოც 3 ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

დაცვის მხარემ სასამართლოზე გირაოს სანაცვლოდ ზვიადაურის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

“ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, რადგან იგი აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა, რათა ბრალდებულების მხრიდან არ მომხდარიყო როგორც მტკიცებულებათა განადგურება და მოწმეებზე ზემოქმედება, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყოფილიყო თავიდან აცილებული”, – განმარტა პროკურორმა “TV პირველთან”.

ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის თქმით, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა:

“გარდაცვლილმა პირველად ზურას მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც ტყვია მოხვდა ზურას ძმას, შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე გასროლა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა ზურაბ ზვიადაურმა მის [გარდაცვლილის] მიმართ რამდენიმე გასროლა. ასე რომ, ზურაბ ზვიადაური სრულად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში”, – განუცხადა კოტრიკაძემ “TV პირველს”.

თუმცა პროკურატურა დაცვის მხარეს არ ეთანხმება. პროკურორის თქმით, ნ.კ-ს, რომლის მკვლელობაც ზვიადაურს ედება ბრალად, დაზიანებები ჰქონდა როგორც წინა მხრიდან, ასევე ზურგის მხრიდანაც, რაც პროკურორის განმარტებით მიუთითებს, რომ ზვიადაურის მხრიდან გასროლა არ იყო აუცილებელი მოგერიება.

პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა. დღეს უწყებამ ზვიადაურის გარდა მომხდარში მონაწილე კიდევ ერთ პირს წარუდგინა ბრალდება — ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც-მ ჯ.ჯ-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ-ს მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. [ზურაბ ზვიადაურის ძმა] შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე, კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ-მ [ზურაბ ზვიადაური] ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ.“,- წერია უწყების განცხადებაში.

სასამართლოს პროცესამდე ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ ზვიადაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი