ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად NDI-ის მიერ გამოკითხულთა დიდ ნაწილს წამლების საფასური მიაჩნია. საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.
“თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა” — კითხვის საპასუხოდ რესპონდენტებს მაქსიმუმ 3 პასუხი უნდა დაესახელებინათ. 56%-მა ამ პრობლემად წამლების ფასები დაასახელა, 25%-მა — სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური, 18%-მა კი — კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები.
NDI-ს მონაცემებით, სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს — როგორებიცაა, მაგალითად, წამლების საფასური, სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა — ქალები უფრო ხშირად ასახელებენ, ვიდრე კაცები.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხისა, გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ — 70%-მა — არ დააკონკრეტა, რომელ პარტიას უჭერს მხარს. დანარჩენებიდან 18% “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, 12 კი — ოპოზიციის. შედეგების მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო ხშირად ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს, ვიდრე მმართველი გუნდის მომხრეები.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.