ახალი ამბები

ვერ ვხედავ ჩემ თავს ამ არხზე – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა

12 აგვისტო, 2021 •
ვერ ვხედავ ჩემ თავს ამ არხზე – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა გურამ როგავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე. ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი“, – დაწერა მან 11 აგვისტოს ფეისბუკზე.

„ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე „პოსტსკრიპტუმი“, რომლის ამბიციაც იყო, ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით“, – წერს იგი.

„მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს „რუსთავი 2-ზე“ არ მოხდება“, – დაწერა ჟურნალისტმა.

რამდენიმე კვირის წინ, 5 ივლისის მოვლენების (თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი აქციის და ჟურნალისტების დევნის) შემდეგ როგავამ „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ, მათ შორის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისკენ მიმართული კრიტიკული პოსტები დაწერა.

ის ასევე გამოირჩეოდა კრიტიკული კითხვებით პოლიტიკოსების მისამართით „რუსთავი 2-ის“ ეთერში.  12 ივლისს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ პირდაპირ ეთერში როგავამ დემონსტრაციულად დახია ფურცლები, რაც, მისი განმარტებით, სიმბოლურად ნიშნავდა ხელისუფლების მიერ „კონსტიტუციის თავზე გადახევას“.

5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია როგავას შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც ჟურნალისტმა არ დაადასტურა.

რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის მაისში, „რუსთავი 2“ ერთ ჰოლდინგში გაერთიანდა მედიასაშუალება „პრაიმტაიმთან“.

ამის შემდეგ, 2021 წლის 21 ივლისს, ჰოლდინგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა ვაკო ავალიანი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა. ავალიანი არხზე პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელად დაინიშნა. ის 2014 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი