ახალი ამბები

უთხრეს თუ არა ღარიბაშვილს უარი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე

4 აგვისტო, 2021 • 3495
უთხრეს თუ არა ღარიბაშვილს უარი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტზე უარი უთხრეს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას უარყოფს.

კანდელაკის თქმით, ამ ინფორმაციას ლიეტუვური გამოცემები და ექსპერტები ადასტურებენ. მაგალითად, ლიეტუვური მედია 15 წუთი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმის გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმა კოორდინირებულად მიიღეს როგორც პარლამენტების, ასევე მთავრობების დონეზე.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტზე უარის თქმის მიზეზად 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის პასიურობა სახელდება, ასევე, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, უარი ეთქვა შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლაზე.

ვიზიტზე უარის თქმის მიზეზად რუსეთთან ღიად დაკავშირებული, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორების დასჯაზე უარს ასახელებს გიორგი კანდელაკიც.

“ეს ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ კეთროვნად გამოცხადებაა. საქართველოს ამ სამ ქვეყანაზე ახლო და  ხმალამოღებული მხარდამჭერი არ გააჩნია 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა ხელახლა გამოცხადდა. თუკი ასეთი ახლობელი მოკავშირეები იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ხელის ჩამორთმევაც არ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან, ეს ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არის საერთაშორისო იზოლაციაში.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის, მაგრამ რიგაში, ტალინსა და ვილნიუსში ძალიან კარგად დაინახეს, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მიღება იქნებოდა რუსეთის გავლენის ზრდის ლეგიტიმიცია და მათი მხრიდან მწვენე შუქის ანთება. ლიეტუვაც, ლატვიაც და ესტონეთიც შეშფოთებით უყურებს რუსეთის გავლენის ზრდას”, – განაცხადა კანდელაკმა.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც სამინისტროს პრეს-სპიკერი მარი ნარჩემაშვილი აცხადებს, ამ თემით “სპეკულაცია” ხდება.

“მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის, ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერი-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ”, – აცხადებს საგარეო უწყების პრეს-სპიკერი.

ნეტგაზეთმა ინფორმაციის გადამოწმება ბალტიის ქვეყნების საგარეო უწყებებთანაც სცადა. როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვწერეს, ვიზიტი შედგება მაშინ, როცა ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროზე შეთანხმდებიან.

“ლიეტუვა დიდ ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა დონეზე თავის ახლო პარტნიორ საქართველოსთან, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის დონეზე. მთავრობების მეთაურთა შეხვედრები ამ დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილია და გაიმართება მაშინ, როდესაც ორივე მხარისათვის მისაღები დრო შეირჩევა”, – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავს იკავებენ გააკეთონ კომენტარი ქართველი პოლიტიკოსის მიერ პრემიერის ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე მომავალი ვიზიტის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

“ესტონეთი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან რეგულარული (ასევე მაღალი დონის) კონტაქტებით. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, მათ შორის რთულ საკითხებზე. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში ილაპარაკებენ. ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მომავალი ვიზიტების დეტალები დავადასტუროთ”, – აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ლატვიის საგარეო უწყებას ნეტგაზეთის წერილისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი