ვხსნით პანდორას ყუთს – თამარ ამაშუკელი ანჩის ხატზე საპატრიარქოს მოთხოვნაზე

საქართველოს საპატრიარქომ გაასაჯაროვა წერილი, სადაც ილია მეორე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, ანჩის ხატი მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და კულტურის სამინისტრო.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ხელოვნებათმცდონე თამარ ამაშუკელი განამრტავს, რას ნიშნავს და რა რისკებს შეიცავს ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემის პერსპექტივა, მაშინ, როდესაც მანამდე არაერთხელ დაზიანებულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.


საპატრიარქო ანჩის ხატის ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვს – რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რა რისკებს ხედავთ?

ეს ამბავი არახალია, ეკლესია დიდი ხანია ამას ითხოვს და მათი სურვილი გარკვეულწილად გასაგებიც არის – სიწმინდეების გადატანის სურვილი აქვთ, მაგრამ ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვა: აქვთ კი იმის რესურსი და შესაძლებლობა? უზრუნველყოფენ მათ დაცვას?

იმ ობიექტების ღირებულება, რასაც ისინი ითხოვენ, არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ფუნქციით, მათ აქვთ ბევრად უფრო დიდი ღირებულება –  მხატვრული, ისტორიული, ეთნოგრაფიული… ეს არის საქართველოს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა, შესაბამისად, არ გვაქვს უფლება , თუნდაც მცირედით გავრისკოთ.

ტაძრები და ტაძრებში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობა ხშირად ზიანდება არასწორი ქმედებების და მოუვლელობის გამოისობით. მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ უფლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირებს, აწარმოონ უნებართვო მშენებლობა – ისინი არაფრად აგდებენ კანონს და ხშირად სრულიად უნებართვოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ.. ამის ცხადი მაგალითი იყო ყინწვისის ტაძარში დაგებული მეტლახი, ახალმშენებლობა ატენის სიონის სიახლოვეს, სახეცვლილი სკალდის მთავარანგელოზის ტაძარი, უსაფრთხოების ნორმებსაც ვერ იცავენ და ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ ხანძარი ვარძიაში, რომელმაც დიდწილად დააზიანა ფრესკები. შემდეგ სახელმწიფოს მოუწია ძალიან დიდი დანახარჯის გაღება, რათა ფრესკების რეაბილიტაცია მომხდარიყო.

გამოცდილებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ეკლსია-მონასტრებს არ აქვთ არც საშუალება, არც შესაძლებლობა და არც კომპეტენცია და პროფესიული რესურსი იმისა, რომ მათ წიაღში დაბრუნდეს ოქროს ფონდის ნაწილი. და ასეც რომ იყოს, არის კითხვა- რამდენად მიზანშეწონილია ოქროს ფონდის ასე დაქუცმაცება?

თუმცა საპატრიარქოს და მათთან აფილირებული ჯგუფების სურვილი მეტ-ნაკლებად გასაგებია, მათთან პრეტენზია ნაკლები მაქვს. მე , როგორც სეკულარული სახელმწიფოს მოქალქე, პასუხებს ჩემი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ვთხოვ სახელმწიფოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს.

სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები უნდა იაზრებდენ პასუხისმგებლობას. ახლა საპატრიარქოსთან წინსასაარჩევნო “ფლირტის” დრო არ არის და არც ჩვენი საგანძური შეიძლება გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ეს დაუშვებელიცაა და დანაშაულიც. იმედია, პრემიერ-მინისტრი და კულტურის მინისტრი არ ჩუდგებიან სათავეში პროცესს , რომელმაც, ერთი მხრივ, შეიძლება მნიშვნელოვნად გააღარიბოს ეროვნული მუზეუმი, მეორე მხრივ კი, საფრთხე შეუქმნან ეროვნულ მემკვიდრეობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ანჩის ხატი  ერთგვარი „პირველი მერცხალი“ იქნება…

მუზეუმში განთავსებული ეროვნული საგანძური ხომ დიდი შრომის შედეგია. დიმიტრი შევარდნაძემ, ივანე ჯავახიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, შალვა ამირანაშვილმა და სხვებმა სიცოცხლე შეალიეს ამ საგანძურს. მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან შეკრიბეს, ძარცვისგან, დაზიანებისგან, დანადგურებისგან გადაარჩინეს. ასე მათი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა უფრო შესაძლებელი იყო და არის კიდეც.

ახლა კი ჩვენ პირიქით პროცესს ვიწყებთ. ვხსნით პანდორას ყუთს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული უფლება-მოვალეობა, განახორციელოს მონიტორინგი სასულიერო ობიექტებზე, ძეგლებზე, ტაძრებზე – პრაქტიკულად, ის ამ მონიტორინგს ვერ აწარმოებს. როდესაც დარღვევა ხდება – სახელწიფოს შესაბამისი სტრუქტურები პრაქტიკულად უძლურნი არიან.

რა არის ამ შემთხვევაში საპატრიარქოს მოტივი და სახელმწიფოს ვალდებულება?

მოტივი მათი ერთია და გასაგებია, რომ ეს არის რელიგიური ობიექტი, ხატი და მისი ადგილი არის ეკლესიაში. ეს გასაგებია, მათი მიდგომა ბევრი რამისადმი გასაგებია. თუმცა ჩვენ ხომ სეკულარული სახელმწიფო ვართ, სადაც ეროვნული საგანძურის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა!

ცალკე არის საპატრიარქოს სურვილები და რელიგია და ცალკე არის სახელმწიფო, კანონები და საგანძურის ინტერესი და საჭიროება. დაუშვებელია, საგანძური მოთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც მას შეიძლება რაიმე საფრთხე შეექმნას. უფლება არ აქვს სახელმწიფოს, რომ ეს გააკეთოს.

სახელმწიფოზე საუბრისას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ხმების მოსაგებად გადადგმული ნაბიჯია?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ და არაერთხელ მითქვამს კიდეც – ეს ჰგავს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ფლირტს. ეს წინასაარჩევნო ფლირტია. საპატრიარქოს დიდი გავლენა აქვს საკუთარ მრევლზე, მას ნამდვილად აქვს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, შეცვალოს გარკვეული პოლიტიკური პროცესები. ამ ფლირტის დედააზრიც ეს არის. ვნახოთ, დარჩება ეს ფლირტი ფლირტად, თუ გადაიზრდება ის “დიდ სიყვარულში”, რომელიც დაასამარებს სეკულარულ სახელწიფოს.

ამ პროცესს პერსპექტივაში რომ შევხედოთ, ის მიდის არასეკულარული სახელმწიფოსკენ. ეს პროცესი მიდის იქითკენ, რომ თუ ჩვენ ახლა გვაქვს გამიჯნული სახელმწიფო და რელიგია – ამ პროცესის ბოლოს ეს მიჯნა აღარ იარსებებს. ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა, როდესაც რელიგია ერევა სახელმწიფოს ქმედებებში. აქეთკენ თუ მივდივართ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა ძალაუფლების შენარჩუნება – მაშინ ეს არის აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ.


ანჩის კარედი ხატი საქართველოს ისტორიაში ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. მიიჩნევა, რომ ხატის მოოქროებული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელი–რკინაელის შეკვეთით ოქრომქანდაკებელმა ბექა ოპიზარმა შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წყაროების თანახმად, 1660 წელს დომენტი კათოლიკოსმა 120 თუმნად ჩამოატანინა გორელ ვაჭარს – ამირჯანა ივანგულიშვილს სამცხედან 10 ხატი, რომელთა შორის უპირველესი იყო ანჩის ხატიც.

ამის შემდეგ ხატი გადაიტანეს ჯერ გორში, შემდეგ- სოფელ ჭალაში, ბოლოს კი, თბილისში – ღმრთისმშობის ეკლესიაში, რომელიც ამის შემდგომ ანჩისხატის ეკლესიად იწოდება.

ანჩის ხატის დაცვის მიზნით, წლების განმავლობაში  შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა, რომელიც ახლა ინგრევა. ანჩის ხატი ამავე მუზეუმის ოქროს ფონდის ერთ-ერთი ექსპონატი იყო. წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პირები ხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვდნენ.

3 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა ოფიციალური წერილით სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და კულტურის სამინისტრო.

წაიკითხეთ ასევე:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს