ახალი ამბები

მოპედებისთვის მართვის მოწმობის აღება 2022 წლიდან სავალდებულო გახდება- გომელაური

2 აგვისტო, 2021 • 1602
მოპედებისთვის მართვის მოწმობის აღება 2022 წლიდან სავალდებულო გახდება- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წლიდან დაინერგება მოპედების რეგისტრაციის მექანიზმი და მძღოლებისთვის სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება. ამის შესახებ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

“2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ასევე განხორციელდება მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის გამოცდის ჩაბარება”, – განმარტა მინისტრმა.

ამჟამად პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომლის მიზანია დაარეგულიროს მოპედების რეგისტრაციასთან და მათი მართვის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

“მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი არ წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და ის გათანაბრებულია კიდულძრავიან ველოსიპედთან. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოპედი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განმარტებაში და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები, რაც დადგენილია სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის”, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონს დაემატება სატრანსპორტო საშუალებათა AM [მოპედი] და “A2” [საშუალო სიმძლავრის მოტოციკლი] კატეგორია/ქვეკატეგორია.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ცვლილებებით სავალდებულო ხდება მოპედის სათანადო წესით რეგისტრაცია. ასევე, მოპედის მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც 16 წლის ასაკიდან გაიცემა. რაც შეეხება გამოცდას, ის მხოლოდ თეორიული იქნება და მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება არ მოუწევთ. ასევე, მოპედის მართვის უფლება ექნება ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი