ავტორების შემდეგ ლიტერას ჟიურის წევრებიც ტოვებენ

ლიტერას ჟიური რეზო თაბუკაშვილის შემდეგ კიდევ ორმა წვერმა დატოვა. საუბარია მწერალ და კრიტიკოს ლელა კოდალაშვილსა და ლიტერატურათმცოდნე ოქტაი კაზუმოვზე.

“თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა… ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად..”, – წერს ლელა კოდალაშვილი.

“აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს – ნატას (ლომოური) და ლელას (შუბითიძე), რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება, სამწუხაროდ, არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ”, – აცხადებს კოდალაშვილი.

“მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს, ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი “მილისტის” წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის”, – წერს ოქტაი კაზუმოვი.


მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა  კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად “ლიტერას” გრძელი სიიდან საკუთარ ნაწარმოებებს ხსნიან.

ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნეს:

კონკურსი დატოვა ჟურის წევრმა რეზო თაბუკაშვილმაც.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.