ახალი ამბები

დაუსაბუთებელი უარი ბინადრობაზე და სხვა — TDI-ის ანგარიში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში

29 ივლისი, 2021 • 672
დაუსაბუთებელი უარი ბინადრობაზე და სხვა — TDI-ის ანგარიში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში

“2020-2021 წლებში საქართველოში მყოფი მიგრანტებისთვის კვლავ პრობლემად დარჩა სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით დაუსაბუთებელი უარის მიღების პრაქტიკა ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესში”, — ნათქვამია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის”(TDI) ანგარიშში, რომელიც საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში 2020 წლიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და აღწერს პრობლემებს, რომელთაც უცხოელები კოვიდპანდემიის პირობებში თუ მის მიღმა გადააწყდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ბინადრობის ნებართვის იმ 2,018 განაცხადიდან, რომლებიც გასულ წელს არ დაკმაყოფილდა, 1,907 (94%) სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზებს ემყარებოდა. ბინადრობასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რომელთაც თავშესაფრის მაძიებლები და სხვები აქამდეც აწყდებოდნენ, გასული წლიდან დაემატა პანდემიის გამო გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციებიც, რომლებმაც კიდევ უფრო გაართულა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლისა და კანონიერად ცხოვრების პირობები.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მოტივით, ბინადრობის ნებართვაზე უარს წლების განმავლობაში სახელმწიფო ერთგვარ ბერკეტად იყენებს და ამ გზით ხელოვნურად აკავებს მიგრანტთა ნაკადს. ამ პრაქტიკას სახელმწიფო ყველაზე ხშირად აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 2021 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პირობები, რის გამოც “უამრავი ადამიანი ვეღარ შეძლებს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებას”, ქვეყნიდან გაძევების საფრთხე კი სულ უფრო მეტ ადამიანს ემუქრება. ორგანიზაციის თქმით, არსებული სტატისტიკისა და სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს საფრთხე კვლავ აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ.

პანდემიით გამოწვეული პრობლემების ნაწილში TDI უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პერიოდში მათ მიმართ გაიზარდა ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განწყობები, რასაც ისინი აწყდებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სივრცეში. ორგანიზაცია ამ კონტექსტში გლობალურ ტენდენციას ახსენებს, რომელიც სწორედ პანდემიის კრიზისთანაა დაკავშირებული.

“კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში იმატა სიძულვილის ენის გამოყენების, დისკრიმინაციის და ქსენოფობიის შემთხვევებმა. ხშირად სწორედ მიგრანტებს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში, ისინი ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, სოციალური გარიყვის, დისკრიმინაციის მსხვერპლი.

არსებული სტიგმისა და ქსენოფობიის გამო, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა შესაძლოა თავი შეიკავონ სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობის და ზოგადად, ჯანდაცვის სერვისების მიღებისგან. ეს კი გაზრდის როგორც ვირუსის გავრცელების რისკს, ისე საფრთხის ქვეშ დააყენებს ამ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

პანდემიის დროს საქართველოში მყოფი მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, TDI-მ ინტერვიუები ჩამოართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საუბრის დროს კი შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები საუბრობენ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდაზე, როდესაც ისინი აგრესიის მსხვერპლი ხდებიან ეროვნული ნიშნით;
  • რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ისინი ან მათი ნაცნობები ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდნენ კომერციულ დაწესებულებებშიც (აფთიაქი, მაღაზია და სხვ.);
  • რესპონდენტები საუბრობენ აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ქსენოფობიასა და აგრესიაზე საზოგადოებაში, რაც განპირობებულია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მათი ასოცირებით ჩინეთთან და კორონავირუსთან;
  • უცხოელები, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ბინის დაქირავებისას, როდესაც გამქირავებელი ქსენოფობიური მოტივით მათ უარს ეუბნება ბინის ქირაობაზე. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა პანდემიის პერიოდში, რაც რიგი პრობლემების წინაშე აყენებთ მათ.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რასობრივი დისკრიმინაციისა და თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რაც, TDI-ს აზრით, სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, ანგარიშში ხაზგასმულია არარსებობა მექანიზმისა, რომლითაც საქართველო თავის საზღვრებში მყოფ მოქალაქეებს რასობრივი დისკრიმინაციისგან ეფექტურად დაიცავდა.

პანდემიის პერიოდში გამოკვეთილ სისტემურ პრობლემებს შორის ორგანიზაცია ახსენებს საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ბარიერებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისას, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შექმნილ დაბრკოლებებსა და უცხოელი სტუდენტების წინაშე წარმოქმნილ, პანდემიით გამოწვეულ ახალ წინააღმდეგობებს.

“კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უცხოელებისთვის სიახლეები არ იყო სრულყოფილად სისტემატური და თავმოყრილი ერთ სივრცეში. შესაბამისად, უცხოელებს უჭირდათ ინფორმაციის მოძიება და მისი გაანალიზება.

პანდემიის დროს სახელმწიფო სერვისების უდიდესი ნაწილის ონლაინსივრცეში გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუარესდა უცხოელების წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. მათ დაბრკოლება შეექმნათ ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობისას”, — წერს TDI.

ანგარიშის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის პრობლემური იყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის საკითხიც, ვინაიდან პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, შემოსვლაზე შეზღუდვა გავრცელდა საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზეც.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი