ახალი ამბები

“ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის

28 ივლისი, 2021 • 5616
“ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის

“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს, კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.

“დღეს დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ  ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ვხედავთ, რომ  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში “ქართული ოცნების მხრიდან” შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე განვაცხადეთ, რომ საარჩევნო და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება პასუხისმგებლობები ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს.

“რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს — კოალიციური მმართველბის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და “ქართული ოცნება” ამას მხარს უჭერს. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც “ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის”.

“თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება. წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის”, — განაცხადა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და იგი “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი