თანამდებობის პირების ქმედებები ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის მიმართ — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის შეფასებით, საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად, ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ.

“სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად, მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება. 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მომხდარა ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, რაც დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს. აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედიის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს თავისუფალი, პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

“სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის”, — აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს: